რა უთხრეს შვედეთის საგარეოში დაბარებულ საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს - შვედი მინისტრი ინფორმაციას ავრცელებს
პარასკევს, 11 ივლისს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. როგორც მარია მალმერ სტენერგარდი X-ზე წერს, შეხვედრაზე ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა "ოცნების" წარმომადგენელთან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა.
„პარასკევს, 11 ივლისს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა“, - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.
მარია მალმერ სტენერგარდი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა:
„გუშინ, რამდენიმე ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრთან და კაია კალასთან ერთად განცხადება გავავრცელე. ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავება, ასევე, თვითნებური დაკავებები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მზარდი რეპრესიები, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას უწყობს ხელს და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს“, - აღნიშნავს სტენერგარდი.
ცნობისთის, საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, გუშინ დიდი ბრიტანეთის საელჩომ - ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება გაავრცელა .
ერთობლივი განცხადების ხელმომწერები საქართველოში არსებული ვითარების გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და მკაცრად გმობენ "ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს", რომელიც მათი განცხადებით, "აშკარაა, რომ მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას".
ასევე აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" ანტიევროპული და ავტორიტარული მოქმედებები ხელს უშლის საქართველოს ურთიერთობას დემოკრატიულ სახელმწიფოებთან - "საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გამოიწვია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება" - წერია განცხადებაში