სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა ტაქსის მძღოლი დააკავეს - რას ამბობენ შსს-ში
სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ თბილისიში ქავთარაძის ქუჩაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ, მამაკაცი თავდაპირველად გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, ის კი ადგილიდან მიმალვას შეეცადა.
უწყების ინფორმაციით, მამაკაცი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელების დამორჩილებლობისთვის დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული პირი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით, შეაჩერეს.
მსუბუქ ავტომობილს 1985 წელს დაბადებული ო.მ. მართავდა, რომელმაც სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია და ადგილიდან მიმალვას შეეცადა.
პოლიციამ სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ო.მ დააკავა.
შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, სამართალდამცველებმა ო.მ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს“, - აცხადებენ შსს-ში.