ლევან ჯანგველაძის მკვლელობა - პროკურორი, რომელსაც ოჯახი საქმის გაყალბებაში ადანაშაულებდა, შეიცვალა
ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე გამომძიებელი პროკურორი შეიცვალა. გია შაიშმელაშვილი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე ჩაცხრილული ლევან ჯანგველაძის ოჯახმა საქმის მიზნმიმართულ გაყალბებაში ამხილა, ლევან ვეფხვაძემ ჩაანაცლა.
ჯანგველაძის ოჯახი უკვე თვეებია ამტკიცებს, რომ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმე შეკვეთილია, თუმცა ადვოკატების განმარტებით, პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ხელი ქილერზე და მკვლელობის იარაღის კანონიერ მფლობელზე შეეწმინდათ.
პროკურორის შეცვლის შემდეგ ჯანგველაძის გარემოცვას გაუჩნდა იმედი, რომ პროკურატურას ახლა უკვე ექნება პოლიტიკური ნება, გახმაურებული საქმის გამოძიება ბოლომდე მივიდეს და პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას: ვინ არის მკვლელობის დამკვეთი?
შეიცვალა გია შაიშმელაშვილი. ნამდვილად აღარ იქნება დღეიდან უკვე ამ საქმის პროკურორი და პროკურორი იქნება ლევან ვეფხვაძე. სამწუხაროა, რომ წინა პროკურორმა გააკეტა ყველაფერი, რომ საქმე არ გამოძიებულიყო, საქმეზე ჭეშმარიტება არ დამდგარიყო და ფაქტობრივად, მან გაუშვა ხელიდან ტემპი, გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, მოპოვებული ყოფილიყო უტყუარი და მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმას, თუ ვინ მონაწილეობა გელა უძილაურის გარდა კიდევ ამ სისხლის სამართლის საქმეში, ვინ მონაწილეობდა დანაშაულის მომზადებაში და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ შეუკვეთა აღნიშნული მკვლელობა. სამწუხაროა, რომ ბატონი გია შაიშმელაშვილის კონკრეტული გადაწყვეტილებები ემსახურებოდა არა რეალობის დადგენას, არამედ ხელის შეშლას. მაგალითად, როდესაც წივწივაძეს წაუყენეს ბრალად თითქოს მან გადასცა იარაღი გელა უძლაურს, ეს არის აბსურდული ბრალდება. ეს არცერთი მტკიცბეულებით არ დასტურდება, რომ წივწივაძეს რაიმე შეხება ჰქონდა გელა უძილაურთან. ამ ბრალდების შინაარისის აგვარი ფორმირება მიზნად ისახავს იმას, რომ საქმიდან ამორიცხულნი იქნენ ის პირები, ვინც რეალურად შეუკვეთა აღნიშნული უმძიმესი დანაშაული და ამ მიმართულებით არ ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედებები. თუმცა, ვინაიდან საქმეს ჰყავს ახალი პროკურორი, მე მაქვს იმედი, რომ ეს შეცდომები შეძლებისდაგვარად გამოსწორდება და უმოკლეს დროში ჩატარდება მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, - ამბობს ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე პროკურატურას ორ ეტაპად აქვს დაყოფილი. ერთ საქმეზე მთავარი ბრალდებული, უშუალოდ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი გელა უძილაურია, ხოლო მეორე, საქმის ახალ ფიგურანტს, სანდრო წივწივაძეს ეხება, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, იმ იარაღის მფლობელია, რომელიც საქმეში ფიგურირებს.
მორიგ პროცესზე პროკურორ შაიშმელაშვილის აცილების შუამდგომლობას დააყენებს სანდრო წივწივაძის ადვოკატიც. ინტერესების დამცველილ ამტკიცებს, რომ საქმის პროკურორი მიკერძოებულია.
შეგახსენებთ, რომ სანდრო წივწივაძის ბინა პოლიციამ ორი დღის წინ, უკვე მეოთხედ გაჩხრიკა. რას ეძებდა გამოძიება, უცნობია.
დადასტურდა ჩემი ეჭვი, რომ ბრალდებს მხარე ახორციელებდა სანდრო წივწივაძის და მისი ოჯახის ფარულ მიყურადებას. როდესაც ვურეკავდი ბატონ გია შაიშმელაშვილს, მან ტელეფონზე არ მიპასუხა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბატონი გია შაიშმელაშვილის დავალებით ხორციელდებოდა აღნიშნული მოქმედებები. არცერთი მტკიცებულება არც ფარული მიყურადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, რა თქმა უნდა, მოპოვებული არ არის. მეტად მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ, რომ სანდრო წივწივაძის საქმეზეც ბატონი ლევან ვეფხვაძე იქნება პროკურორად დანიშნული, იმიტომ, რომ ბატონი გიასთან მიმართებაში ჩვენ ვერ ვხედავთ მის სურვილს, რომ ობიექტური გამოძიება აწარმოოს. პირიქით, მას დაგვიანებული აქვს ძალიან ბევრი მოქმედება, - ამბობს ადვოკატი.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
- ასევე მკვლელობის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.