"არ ვეძებ სიბრალულს, ვეძებ სამართლიანობას" - 22 წლის ალექსი თირქიას ისტორია

13.07.25 14:53
"არ ვეძებ სიბრალულს, ვეძებ სამართლიანობას" - 22 წლის ალექსი თირქიას ისტორია

22 წლის ალექსი თირქია 2024 წლის 3 დეკემბერს იხსენებს, როცა ცრემლსადენი გაზის კაფსულა სახეში მოხვდა. ტრავმის შედეგად ევროპული მომავლის მცველს თავის ტვინის შერყევა, შუბლის ძვლისა და თვალბუდის მოტეხილობა ჰქონდა.

თირქია სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარიდან 8 თვის შემდეგაც ძალადობის შედეგებთან გამკლავება უწევს. 

მე არ ვეძებ სიბრალულს — ვეძებ სამართლიანობას, - აღნიშნავს აქტივისტი.

22 წლის ვარ. გული არ მაძლევდა მშვიდად მეყურებინა იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. გადავწყვიტე ჩემი პროტესტი მშვიდობიანად გამომეხატა — ქუჩაში გავედი სხვებთან ერთად. ეს იყო ჩემი თავისუფლების გამოხატვის მცდელობა. მაგრამ იმ დღეს, მშვიდობიანი აქცია ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თავით ჩაეწერა.
აქციის მიმდინარეობისას, უშუალოდ ჩემს თავთან ახლოს ისროლეს ცრემლსადენი გაზის კაფსულა, რომელიც პირდაპირ წარბის არეში მომხვდა. იმ წამიდან ყველაფერი შეიცვალა.
 ტრავმის შედეგები:
 • მივიღე ტვინის შეშუპება;
 • დამიზიანდა თვალის ბუდე და სამწვერა ნერვი;
 • მხედველობა მნიშვნელოვნად დამიქვეითდა;
 • საჭირო გახდა შუბლის იმპლანტაცია;
 • გავდივარ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასაც.
გადავიტანე არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი, არამედ ფსიქოლოგიური შოკიც — როცა თავისუფალი მოქალაქე ხარ და რეზინის ტყვია ან გაზის კაფსულა გესმის, არ ელოდები ამ ყველაფერს შენს სახეზე, შენს ცხოვრებაზე და მომავალზე ასეთი გავლენა ექნება.
ეს შემთხვევა იყო ძალადობისა და უპასუხისმგებლობის შედეგი — არა მხოლოდ ჩემი, არამედ უამრავი ახალგაზრდის მიმართ, ვინც ცდილობს საკუთარი ხმა გააგონოს.

 

დღესაც ვიბრძვი — ჯანმრთელობის დასაბრუნებლად, თვალის მხედველობის აღსადგენად, ჩემი ცხოვრების გამოსასწორებლად. სამედიცინო დახმარება, რეაბილიტაცია, დაფინანსების მოპოვება, და ამისთვის მხარდაჭერა მჭირდება როგორც იურიდიულად, ისე ადამიანურადაც.
 

თუ წაიკითხე ეს, იცოდე:
მე არ ვეძებ სიბრალულს — ვეძებ სამართლიანობას. მინდა, რომ ეს ისტორია არ განმეორდეს სხვებთან. მინდა, რომ არსებობდეს პასუხისმგებლობა და ზრუნვა მოქალაქეებზე.

 

თუ გაქვს შესაძლებლობა, გააზიარე ეს ამბავი, დამიდექი მხარში ან უბრალოდ დამიდასტურე, რომ ჩემი ხმა არ ჩაიკარგა, - წერს თირქია. 

მსგავსი სიახლეები