რუსი “დევნილების” კოსმოსური ამბიციები გურიაში - "აიფაქტის" გამოძიება

13.07.25 16:06
 რუსი “დევნილების” კოსმოსური ამბიციები გურიაში - "აიფაქტის" გამოძიება

„აიფაქტის“ გამოძიებით დგინდება, რომ ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში, რუსი მოქალაქეები - იულია და მარია არხიპოვები კოსმოსური ობიექტის, ე.წ. „კოლხიდა კოსმოდრომის“ მშენებლობას გეგმავენ. მათ ამისთვის უკვე შეიძინეს სამი მიწის ნაკვეთი, გაყვანილია ელექტროობაც, ფუნქციონირებს დაცვის ჯიხური და მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება კოსმოსური ტექნოლოგიებისთვის.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არხიპოვები საქართველოში ჩამოვიდნენ 2022 წელს, მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მათ დააფუძნეს ორი კომპანია, შეიძინეს მიწები, ხოლო შემდეგ დაიწყეს პროექტზე მუშაობა, რომელიც, მათი მტკიცებით, "კეთილშობილურ მიზნებს" ემსახურება, თუმცა, რეალურად, ყველაფერი გაცილებით უფრო კომპლექსურია.

„აიფაქტის“ ხელში აღმოჩნდა არხიპოვების მიმოწერა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძოდ — „პრავფონდთან“, რომელიც ოფიციალურად საზღვარგარეთ მყოფი რუსების დაცვისთვის შეიქმნა, მაგრამ რეალურად კრემლის რბილი ძალის გეოპოლიტიკური იარაღად ითვლება. ფონდს აშშ-მა და ევროკავშირმა 2023 წლიდან სანქციები დაუწესა. 

მარიასა და იულიას წერილებში პირდაპირ წერია, რომ ლანჩხუთში დაგეგმილი ობიექტი შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ კოსმოსური გაშვებებისთვის და სამიზნე მოწყობილობების აწყობისთვის. ისინი წერდნენ, რომ „რუსეთისთვის სასარგებლო იქნება ამ ტერიტორიაზე არსებული საწარმოების ფუნქციონირება“.

გარდა ტექნოლოგიური ამბიციისა, გამოძიებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოავლინა - არხიპოვები წერილებში საჯაროდ ითხოვენ, რომ საქართველოში რუსული ენა მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადდეს, რათა „დაიძლიოს დისკრიმინაცია რუსეთის მოქალაქეების მიმართ“.

არხიპოვების მტკიცებით, ისინი საქართველოში „დევნას“ განიცდიან მხოლოდ იმიტომ, რომ რუსები არიან. ერთ-ერთ წერილში მარია არხიპოვა პირდაპირ აცხადებს: „თუ რუსეთის მოქალაქეს უწოდებენ "რუს ფაშისტს" და "ოკუპანტს", ეს საკმარისია, რომ რუსეთმა დაიცვას საკუთარი ხალხი.“

„აიფაქტის“ გამოძიებით ირკვევა, რომ მარია არხიპოვა ტრანსგენდერი ქალია - წარსულში ევგენი არხიპოვის სახელით იყო ცნობილი. იულია კი მისი ყოფილი ცოლი და ახლა საქმიანი პარტნიორია. წყვილმა საქართველოში მიწების ნაწილი იყიდა, ნაწილი კი მიითვისა, და კოსმოსური პროექტის განხორციელება სწორედ ამ ტერიტორიიდან დაიწყეს.

კოსმოდრომის მშენებლობა ამ დროისთვის შეჩერებულია. არხიპოვები აცხადებენ, რომ ელოდებიან მთავრობის ნებართვას და ერთ წელიწადში მზად არიან, ობიექტი სრულად აამუშავონ.

ლანჩხუთის მერია "აიფაქტის" შეკითხვებზე წერილობით პასუხს არ სცემს. გამოცემა ასევე დაუკავშირდა მუნიციპალიტეტს, თუმცა კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო.

არხიპოვების გეგმები, რომლებიც უკვე ვიდეორგოლებითაც ქვეყნდება YouTube-ზე, მოიცავს: კოსმოსური ხომალდების ასაფრენი ზოლის მოწყობას, დრონებისა და თანამგზავრების აწყობას, პერსონალის გადამზადებას და სამომავლოდ - კოსმოსში ადამიანების გაშვებას.

მსგავსი სიახლეები