რუსეთის ტყვეობაში მყოფ მამუკა გაწერელიასთან კავშირი ორ თვეზე მეტია დაკარგულია - ოჯახი დახმარებას ითხოვს
უკვე ორი თვეა, რაც მამუკა გაწერელია, რომელიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფება, ოჯახთან კავშირზე არ გამოდის. დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მის ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია, რა ბედი ეწია უვადო პატიმრობაში მყოფ ქართველ ჯარისკაცს, რომელიც უკრაინაში დააკავეს და შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
გაწერელია ლეგენდარული აზოვსტალის მცველია. მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთის სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი ჰყავს, უფლებადამცველებს არ აძლევენ საშუალებას, ტყვეს პირადად შეხვდნენ.
ოჯახი იხსენებს, რომ ბოლოს მამუკამ სატელეფონო საუბრისას წამლები მოითხოვა. მას შემდეგ არც ზარი შესულა და არც წერილი მიუღიათ.
ოჯახი დახმარებას ითხოვს და მოუწოდებს ხელისუფლებას, გააქტიუროს მცდელობები ტყვეობაში მყოფი ქართველი ჯარისკაცის ბედის გასარკვევად.
თებერვლის მერე, რაც მიუსაჯეს მამუკას, ამის მერე 4 თუ 5 თვის მერე გავიგეთ სად იჯდა. მერე იქიდან გადაიყვანეს და საბოლოოდ ახლა სად ზის... იქიდან ხშირად მოგვდიოდა, თვეში ორჯერ წერილები. არ ვიცი, ახლა თვითონ იქიდან წერილში რას დაწერდა, მაინც აკონტროლებენ წერილებს და კარგად არის თუ როგორ არის, ეს ჩვენ არ ვიცით. ადვოკატი რომ შევიდა, გვითხრა, რომ ძალიან დასუსტებული არისო და ძალიან სტკიოდა ზურგი. ვერც დადიოდა, ვერც იწვა ნორმალურად, ვერც იჯდა. ნაწამები იყო დაკითხვის დროს. პირველად რომ დაჰკითხეს და რომ აღიარებინეს, თითქოსდა დაქირავებული იყო და ეს რუსების მკვლელობა... წამლები გამომიგზავნეო, წერილში მწერდა. ადვოკატი ორი თვეა, რაც არ შესულა მასთან. თან გადაიყვანეს სხვაგან. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ვითხოვთ რეაგირებას. დაგვპირდნენ, რეაგირებას ვახდენთო ყველაფერზეო და ვცდილობთ, რაღაცნაირად გავიგოთო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ არის. უკვე მესამე კი არა, მეოთხე წელი დაიწყო და სანამ ამ ბავშვს რამეს არ დამართებენ და არ მოკლავენ იქ... არცერთი ქვეყანა არ ტოვებს თავის ჯარისკაცებს, ყველა ზრუნავს მაგათზე და უარს არ აცხადებენ მათზე და ეხმარებიან რითაც შეუძლიათ. ჩვენები, სამწუხაროდ, არაფერს აკეთებენ. დაგვიკავშირდა მარტო ერთხელ სახალხო დამცველი და მაგის მერე თვითონ გვირეკავდა აქეთ და გვეკითხებოდა, რამე ახალი ხომ არ იცითო. ახლა, საერთოდ ტელეფონი აქვს გათიშული, - ამბობს გაწერელიას დედა "პირველებთან" საუბარში.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის ჩართვაში.