ჩეჩნეთიდან ჩამოსულმა პირებმა თბილისში ქალის გატაცება სცადეს - რა მოხდა ყაზბეგის გამზირზე

14.07.25 11:18
ჩეჩნეთიდან ჩამოსულმა პირებმა თბილისში ქალის გატაცება სცადეს - რა მოხდა ყაზბეგის გამზირზე

თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, ღამის საათებში ინციდენტი მოხდა: სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთიდან ჩამოსული პირების ჯგუფი ძალადობას გამოქცეული ჩეჩენი ქალის გატაცებას შეეცადა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნური წარმოშობის ხუთკაციან ჯგუფს სურდა ლაურა ავტორხანოვას გაყვანა იმ ქვეყანაში, სადაც მისი სიცოცხლე და თავისუფლება სერიოზული საფრთხის ქვეშ არის.

საჯარო სივრცეეში გავრცელებული ცნობებით, ირკვევა, რომ ქალი ყაზბეგის გამზირზე ერთ-ერთ ბარში მეგობართან ერთად იჯდა, რა დროსაც მისი გატაცება სცადეს.  

თვითმხილველების განცხადებით, ქალის დაცვის მიზნით ადგილზე მისულ თავშესაფრის თანამშრომლებს თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გატაცება ჩაიშალა - გამოძიებას ჟვანიას ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილება აწარმოებს, თუმცა ამ დრომდე ინციდენტში მონაწილე არცერთი პირი დაკავებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ ავტორხანოვას ოჯახის წევრებს შემაკავებელი ორდერი ჰქონდათ გამოწერილი, თავად ჩეჩენი ქალისთვის კი შსს-ს პირობა ჰქონდა მიცემული,  რომ თუკი მისი ოჯახის წევრები საქართველოს საზღვარს გადმოკვეთდნენ, ამის შესახებ აცნობებდნენ. 

"პირველებმა" პოლიციას მიმართა კითხვებით, რატომ არ გააფრთხილეს ჩეჩენი ქალი, რომ მისი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო და რა მოიქმედეს ავტორხანოვას დასაცავად, თუმცა ვაკე-საბურთალოს განყოფილებში აღნიშნულ კითხვებს არ პასუხობენ.

განახლაბება: 

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გაიტაცეს, ან მის გატაცებას შეეცადნენ. შსს-ში აღნიშნეს, რომ „ამ ეტაპისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება”.

„პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება, მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ლ.ა.-სთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი გარემოების შესწავლა.

ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის მოხდა კომუნიკაცია, მისგან მიღებული ინფორმაციით, მის მიმართ მუქარას ან რაიმე სახის სხვა დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ლ.ა. გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში”, - აღნიშნავენ შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, ავტორხანოვა ამ დროისათვის ისევ თავშესაფარშია გადაყვანილი.

მსგავსი სიახლეები