ალექსი ახვლედიანი აჭარაში იმყოფებოდა -ვის შეხვდა პატიმრობიდან გათავისუფლებული ყოფილი მაღალჩინოსანი
“ტვ პირველის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის ახლო მეგობარი, ალექსი ახვლედიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 11 ივლისს, აჭარას სტუმრობდა.
წყარო "პირველების" რედაქციას უყვება, რომ ქედაში რესტორან "ჭალებში" კონსპირაციული შეხვედრა შედგა, რომელიც ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ახვლედიანის ორგანიზებით ჩაინიშნა და სადაც მთავარი გზავნილი იყო -“ფული მოსაგროვებელი და გადასახდელია“.
კომფიდენტი "ტვ პირველს" უყვება, რომ ამ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: ბუბა-ემზარ ბოლქვაძე, რომელიც ამ დრომდე დასავლეთ საქართველოს გენინსპექციიის უფროსი იყო და ასევე, პარლამენტის ყოფილი დეპუტატები, მათ შორის რესან კონცელიძე და იაშა შერვაშიძე.
“პირველებმა“ ინფორმაციის გადამოწმება შეხვედრაში მონაწილე პირებთან სცადა. პირველი, ვინც ჩვენ ზარს უპასუხა, ალექსი ახვლედიანი იყო. მან აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
“რა ზღაპარს ჰყვებით, წარმოგიდგენიათ თქვენ საერთოდ რა ზღაპარს ჰყვებით?“ - თქვა ახვლედიანმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ პირს, ბუბა ბოლქვაძეს, მან მხოლოდ ის თქვა, რომ მაღალჩინოსანი აღარ არის.
“არ ვარ მაღალჩინოსანი, გაარკვიეთ, მოქალაქე ვარ და არავის შევხვედრივარ მე“, - უთხრა მან “პირველებს“.
“პირველების“ წყაროს ინფორმაციით, ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათ შორის სუს-საც უკვე გააჩნია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძალიან კარგად იციან, ამ წლების მანძილზე რა თანხებზე და წილების განაწილებაზე იყო საუბარი და მათი თქმით, ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მან მიიღოს ის თანხები, რომელიც, წესით ქვეყანას უნდა ხმარდებოდეს.
ყველაზე ამაზრზენი ამ ამბავში გახლავთ რეჟიმის მხრიდან ქართველი ხალხისადმი ცინიკური დამოკიდებულება, როდესაც მათზე მოპარულ მილიონებზე საუბრობენ. უნდათ ნორმად დაამკვიდრონ ეს მთელი მატერიალური დოვლათი, რაც ქვეყნის კეთილდღეობას უნდა ხმარდებოდეს, ყოფილა ერთი კაცის, ივანიშვილის საკუთრება. რეჟიმმა დაიწყო აგონიური ფულის გროვება. ივანიშვილი აგროვებს ფულს იმისთვის, რომ საკუთარი მომავალი უკეთ განსაზღვროს,- ამბობს ენმ-ის წევრი, კახა მიქელაძე.