ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობები, კობახიძე-წილოსანის დაკითხვაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

14.07.25 15:17
ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობები, კობახიძე-წილოსანის დაკითხვაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობები დაკითხულიყვნენ ნინო წილოსანი და ირაკლი კობახიძე.

ნინო წილოსანის დაკითხვასთან დაკავშირებით, შუამდგომლობა ადვოკატებმა 4 ივლისს გამართულ სხდომაზე დააყენეს.  საუბარია წილოსანის განცხადებაზე, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა „დაქირავებით, ფულის გადახდით და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში“. ადვოკატის თქმით, წილოსანი საუბრობს მტკიცებით ფორმატში, და ისე, თითქოს იგი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას.

ასევე, ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ მოითხოვა სასამართლოზე დასაკითხ პირთა სიას დამატებულიყო ირაკლი კობახიძე, ვინაიდან, უფლებადამცველის განმარტებით, მანაც რამდენჯერმე ისაუბრა მზია ამაღლობელის საქმის შესახებ და ამტკიცებს, რომ ის მოქმედებდა „დაკვეთით“, რათა დაეკნინებინა პოლიციის პრესტიჟი.

პროცესზე პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თქვა, რომ „ვინც რა კომენტარს გააკეთებს“, მისი დაკითხვა მიზანშეწონილი არაა და სასამართლოს არ დაეხმარება.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი პროკურატურას დაეთანხმა და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.

მსგავსი სიახლეები