"სისხლიანი ფორმა გავრეცხე" - მოწმე პოლიციელი ამბობს, რომ ნივთმტკიცება თავად გაანადგურა

14.07.25 16:26
"სისხლიანი ფორმა გავრეცხე" - მოწმე პოლიციელი ამბობს, რომ ნივთმტკიცება თავად გაანადგურა

სინდისის 8 პატიმრის საქმეზე გარდაბნის სამმართველოს მე-4 განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ჯანიკაშვილი გამოკითხა. ეს ის მაღალჩინოსანია, რომელიც სინდისის 11 პატიმრის საქმეზეც გამოიკითხა და რომელიც ამტკიცებდა, რომ ყველა ბრალდებულის მიმართ ჰქონდა პრეტენზია, თუმცა, ამის მიუხედავად, ვერცერთი მათგანი ვერ ამოიცნო. 

ჯანიკაშვილი, წინა შემთხვევის მსგავსად, დღესაც ამტკიცებდა, რომ საპროტესტო აქციაზე ყოფნის დროს თავის არეში დაზიანება მიიღო, თუმცა ბრალდებულებს ხელი ვერც ამჯერად დაადო. 

მოწმე პოლიციელმა სხდომაზე მოსამართლეს უთხრა, რომ დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ სისხლის კი წამოუვიდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. თუმცა, როდესაც ადვოკატმა მას ჰკითხა, სად იყო მისი სისხლიანი ტანსაცმელი, პოლიციელმა თქვა, რომ სისხლიანი ფორმა, რომელიც აქციაზე ეცვა, გარეცხა.

ადამიანი, რომელიც 28 წელია პოლიციაშია და გამომძიებლად მუშაობს თურმე, ამბობს, რომ ტანსაცმელი, რომელიც იყო სისხლით დასვრილი და რომელიც, შეიძლება მტკიცებულება ყოფილიყო ამ საქმეზე, გარეცხა თვითონ.

უცნაური კიდევ ის არის, რომ ეს ადამიანი სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც არის დაზარალებულად ცნობილი და თან ამბობს, რომ ერთი ქვა მოხვდა. როგორ შეიძლება, ერთი ნასროლი ქვით დაზარალებული პოლიციელი ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად იყოს ცნობილი? ეს იურიდიული აბსურდია, - თქვა პროცესის შემდეგ ადვოკატმა კახა კოჟორიძემ.