სინდისის 11 პატიმრის საქმე- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტი ამბობს, რომ დასკვნაში არ ჩადო დეტალი, რომელიც ვიდეკადრების ფრაგმენტულობას ეხებოდა
საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის საქმის განხილვა ისევ პროკურატურის მოწმეების და მტკიცებულებების განხილვით გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ექსპერტი ვალერიან მესხი იკითხება. სწორედ მან ჩაატარა ვიდეოკადრების ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. მოწმე ამბობს, რომ ვიდეოკადრები ფრაგმენტული იყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსპერტს ადვოკატმა ჰკითხა, ჩადო თუ არა ეს დეტალი დასკვნაში, თუმცა მოწმემ მათ უთხრა, რომ ეს არ გაუკეთებია, რადგან ჩათვალა, რომ უმნიშვნელო ნიუანსი იყო.
დღევანდელ პროცესზე ასევე გდდ-ს თანამშრომელი გიორგი კაკალაშვილი გამოიკითხება, ამის შემდეგ კი იმ ვიდეოკადრებს გამოიკვლევენ, რომელიც ექსპერტიზიდან დღეს პროკურატურამ მიიტანა.
რაც ვიცით დანამდვილებით, ეს ინფორმაცია არის, რომ შუამდგომლობა ექნებათ ჰაბიტოსკოპიური პასუხების დართვასთან დაკავშირებით. ნაწილი იყო წინა პროცესზე მოსული და ახლა ნაწილი მოვიდა რამდენიმე სინდისის პატიმრის. გუშინ გაგვიცვალეს მტკიცებულება.
რაც შეეხება მოწმეებს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ორი მოწმე მოვა. ორივე იქნება პიროვნება, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი ანუ ის ადამიანები, რომლებმაც დაზიანება მიიღეს რუსთაველის გამზირზე, თუმცა, სავარაუდოდ, იქნება იგივე სურათი: მოვლენ ეს ადამიანები, იტყვიან, რომ დაზიანებები მიიღეს, აღწერენ საკუთარ დაზიანებებს სამედიცინო ენაზე, თუმცა ვერცერთ სინდისის პატიმარს ვერ ამოიცნობენ, ვერცერთ სინდისის პატიმარზე ვერ იტყვიან, რომ მან დააზიანა და იტყვიან, რომ მათ არ აქვთ პრეტენზია ამ ადამიანების მიმართ, მაგრამ თუ დადგინდება, რომ ამ ადამიანებმა დააზიანეს, მაშინ ექნებათ პრეტენზია.
ეს არის სურათი, რომელიც 7 თვის მანძილზე მეორდება, კიდევ ცოტა ხანს განმეორდება და შემდგომ უკვე ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
იურისტები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყება ცდილობს, მოწმეები დაგვიანებით გამოიკითხონ, რადგან სჭირდებათ დრო, რათა კარგად დაადგინოს ვინ უნდა გამოიკითხოს და ვინ - არა.
ბოლო ორი პროცესია იმდენად მწირი მოწმეთა რაოდენობა მოჰყავთ, რომ ფაქტობრივად, ნახევარ სამუშაო დღეს ვითვისებთ. შეიძლება, ეჭვი იყოს მრავალმხრივი, შესაძლებელია, მართლაც ჰქონდეთ საქმეები მოწმეებს და ფიზიკურად ვერ მოდიოდეს, თუმცა 80-ზე მეტი მოწმეა გამოკითხული, ამის ნახევარიც არ გვყავს დაკითხული, არ მჯერა, რომ დაახლოებით, 40-50 მოწმეს არ ეცალოს დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ექვს საათამდე გვაქვს გამოყოფილი დრო, შესაძლებელია, სრულად არ ავითვისოთ და ეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარის დასამენეჯმენტებელია, გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის ცნობილია, რომ ჩვენ საღამოს საათებამდე ვმუშაობთ, შესაბამისად, მინიმუმ, 4-5 მოწმე ყოველდღიურად უნდა იყოს ხოლმე წარმოდგენილი, - ამბობს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.
ცოტა ხნის წინ დასრულდა კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, თედო აბრამოვის სასამართლო პროცესი. ადვოკატი ამტკიცებს, რომ პროკურატურას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები ფალსიფიცირებული აქვს.