ომბუდსმენმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა დაიწყო

15.07.25 13:59
ომბუდსმენმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა დაიწყო

სახალხო დამცველმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, უწყება "შეისწავლის ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ/გასატარებელ ღონისძიებებს".

სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს 14 ივლისს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის ჩამონგრევით გამოწვეული მსხვერპლის გამო. არსებული ინფორმაციით, მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სახალხო დამცველი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული. წლებია სახალხო დამცველის აპარატსაც მომართავენ სხვადასხვა კატეგორიის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები მათი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების საკითხებზე. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის არსებობის მიუხედავად, მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები საფრთხის შემცველია, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე, მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან/და მუშაობდნენ. წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს.

სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა და შეისწავლის ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ/გასატარებელ ღონისძიებებს, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ  15 ივლისს, სადგურის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა. მომხდარს მსხვერპლი მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები