როგორ აფასებს "ოცნება" ბაჩიაშვილზე თავდასხმას - პირველი კომენტარები
კახა კალაძე გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმას პატიმრებს შორის დაპირისპირებად აფასებს.
"პირველების" კითხვაზე, რომ გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ციხეში მომხდარი „ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოუწყვეს“, კალაძე ამბობს, რომ „ამასთან დაკავშირებით ყველანაირი სპეკულაცია შეიძლება“.
ყველაფერს გამოძიება გაარკვევს - ამბობს კალაძე იმ გამოძიებაზე, რომელიც ჯერჯერობით არცერთ უწყებას არ დაუწყია და თავად იუსტიციის სამინისტრო იძიებს.
- ცნობისთის, ბაჩიაშვილსი ადვოკატებმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას გუშინ მიმართეს.
„რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც მსჯავრდებულები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ერთმანეთს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, ეს ძალიან მძიმეა. გამოძიება დაწყებულია და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა”, - აღნიშნა კალაძემ.
"ოცნების" დეპუტატი, ლევან მახაშვილი კი დარწმუნებულია, რომ "საკანში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" და კადრების გამოქვეყნება "ბაჩიაშვილის ბრალდებებს გააცამტვერებს".
მე მივესალმებოდი ყველა ნაბიჯს, რაც გააცამტვერებდა ბაჩიაშვილის ბრალდებებს და დაადასტურებდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ამიტომ ვიდეოს გასაჯაროება იქნება თუ სხვა გამოკითხვის ოქმები, მე მივესალმებოდი.
თქვენ აპრიორი ამბობთ, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა და დაკვეთა, რომ იქს/იგრეკ ადამიანი საიდანღაციდან, როგორც თქვენ ავრცელებთ ინფორმაციას, ჩამოეყვანათ იძულებით, იძულებით, უნდა ჩაესვათ ციხეში, მერე ეცემათ, მერე ეწამებინათ, ანუ თავიდანვე აპრიორი, ეს შეფასებები არის მცდარი", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
- ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.
მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.
ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.