ადვოკატები გიორგი ბაჩიაშვილის გლდანის ციხიდან რუსთავის #12 საპატიმროში გადაყვანას მოითხოვენ

15.07.25 15:00
ადვოკატები გიორგი ბაჩიაშვილის გლდანის ციხიდან რუსთავის #12 საპატიმროში გადაყვანას მოითხოვენ

 

 

ადვოკატები გიორგი ბაჩიაშვილის გლდანის ციხიდან რუსთავის #12 საპატიმროში გადაყვანას მოითხოვენ. 

როგორც ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა "პირველებთან" აღნიშნა, დაცვის მხარე დღეს აპირებს აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს მიმართოს, რადგან საკანში ცემის შემდეგ, მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ გიორგი ბაჩიაშვილის გლდანის დაწესებულებაში დარჩენა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ მე-8 დაწესებულებაში ბაჩიაშვილის დარჩენა „მაღალი რისკის“ შემცველია.

„გიორგის მდგომარეობა ფაქტობრივად უცვლელია, იგივეა, რაც გუშინ იყო. მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, გარკვეული მონაკვეთები შეხვეული აქვს, მათ შორის თავი, ხელი, აქვს ძალიან დიდი დაზიანება, მათ შორის მარცხენა ხელზე. თავის არეში 3 ნაკერი აქვს, ეტლით გადაადგილდება, გადაადგილების და კოორდინაციის პრობლემები აქვს. სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჯგუფთან გასაუბრების დროს იძულებული გახდა, რომ შეეწყვიტა იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გაგრძელება აღარ შეეძლო. დღეს ვაპირებთ მივმართოთ პენიტენციურ სამსახურს. მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია მისი იმავე დაწესებულებაში დაბრუნება. მოვითხოვთ #12 დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც ის იყო მანამ, სანამ მისი აქ გადმოყვანა მოხდებოდა. ცხადია, ნებისმიერ დაწესებულებაში ის რისკის ქვეშ არის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ იმავე დაწესებულებაში მისი დაბრუნება არის უფრო მაღალი რისკის მატარებელი. ამიტომ, უფრო მიზანშეწონილი იქნება მისი იქ დაბრუნება“, - განაცხადა ჯანდიერმა „ტვ პირველთან“.

  • ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.

მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

 

მსგავსი სიახლეები