ბაჩიაშვილის ადვოკატი: გიორგის, სავარაუდოდ ტვინის შერყევის გამო, შეზღუდული მოტორიკა აქვს, დამოუკიდებლად სიარული უჭირს
როგორია გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა-ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სავარაუდოდ, ტვინის შერყევის გამო, აქვს შეზღუდული მოტორიკა საუბრის და ასევე ეტლით გადაადგილდება.
“დამოუკიდებლად სიარული უჭირს“,- განაცხადა ლევან მახარაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ და დასძინა, რომ “გიორგის ექიმთან შეხვედრის დროს, გასაუბრების ბოლომდე გაჩერება გაუჭირდა.“
მახარაშვილი იმედოვნებს, რომ “ის მალე გაივლის რეაბილიტაციას, რადგან შინაგანად ძალიან მხნედ არის.“
მას, სავარაუდოდ, ტვინის შერყევის გამო აქვს შეზღუდული მოტორიკა, როგორც საუბრის, ასევე ეტლით გადაადგილდება, დამოუკიდებლად სიარული უჭირს. დღეს სახალხო დამცველის წარმოამდგენელს ჰყავდა ექიმი შემოყვანილი, რომელმაც მოახდინა გასაუბრება და რეალურად, გიორგი გასაუბრების დასრულებამდე ვერ დარჩა, ექიმის თხოვნაც იყო, რომ ის თავის პალატაში გადაეყვანათ და ურჩია, რომ მთელი დღე არაფერი წაეკითხა, გონება არ დაეძაბა, რადგან რეაბილიტაციას დრო სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მალე გაივლის რეაბილიტაციას, რაც მთავარია, შინაგად არის მხნედ. სახელმწიფომ კი დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს ის ვალდებულება, რაც გააჩნია, ნებისმიერი პატიმარი, რომელიც არის განთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში, არის მოწყვლადი. შესაბამისად, ასმაგად დიდი ყურადღებაა საჭირო მსგავსი ფაქტების გამოძიებაზე, როდესაც ეს ხდება სწორედ დახურულ სივრცეში, სადაც ადამიანი აცხდებს, რომ კონკრეტულმა პირებმა წამობრივი სიზუსტით განახორციელეს ეს საქციელი, -განაცხადა მახარაშვილმა.
- ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.
მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.
ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.