გიორგი ახობაძე ასახელებს პოლიციის მაღალჩინოსანს, ვინც მისი თქმით, "ნარკოტიკის ჩადების" მითითება გასცა
ჩვენება საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ - დღეს პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა ექიმმა, გიორგი ახობაძემ იმ პოლიციელის ვინაობა დაასახელა, ვინც დაკავებული ექიმის აზრით, მისთვის ნარკოტიკის ჩადების ბრძანებას გასცემდა.
სინდისის პატიმარმა თქვა, რომ მას ნარკოტიკები ლევან მაისურაძის "მითითებით ჩაუდეს".
მისი თქმით, ლევან მასისურაძესთან კონტაქტზე ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციელი, გიორგი გურეშიძე იყო. რეანიმატოლოგი ამბობს, რომ სავარაუდოდ, სწორედ გურეშიძე იყო ერთ-ერთი, ვინც მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდო.
გიორგი ახობაძემ ჩვენებისას ასევე დაასახელა პოლიციელების - კაჭკაჭიშვილის და ალექსი კობერიძის გვარები.
ველოდებოდი რომ ან ანგარიშსწორება იქნებოდა ან დაკავება.
მეგონა, რომ რამეს ჩამიდებდნენ ან იარაღს ან ნარკოტიკს. ამაზე მე ვიდეოებსაც ვწერდი. თხოვნა მქონდა კოლეგებთან, რომ თუ დამაკავებნენ, დედასთვის მიეხედათ.გამაჩერა საპატრულო პოლიციამ- მანქანიდან გადმოვედი, ერთი ნაბიჯი რომ გადავდგი 7 პოლიციელი ჩემსკენ გამოიქცა, გიორგი გურეშიძე იყო პირველი, ვისთანაც კონტაქტი მქონდა. მიმაყუდეს მანქანაზე, წინა მარცხენა ჯიბეში ვიგრძენი ხელის ჩაცურება და უცებ ამოღება. არ ვიცი, შეიძლება, გურეშიძემაც ქნა.
გურეშიძესთან მქონდა საუბარი, ასე როგორ წირავთ ადამიანებს, რა ჩამიდეთ-თქო. მეუბნებოდა, ყველაფერი კარგად იქნება, ნარკოლოგიურში გადაგიყვანთ და თუ არაფერი იქნება, გაგიშვებთო.
ჯიბეს რომ დავხედე, დავინახე, რომ რაღაც იდო. დავინახე, რომ გურეშიძე ლევან მაისურაძეს ურეკავდა. რაღაც მომენტში მითითება გაიცა, დაეწყოთ ჩხრეკა, ამოიღეს მათი ჩადებული რაღაცები. ამოიღეს ტუალეტის ქაღალდში გახვეული რაღაც ანაბეჭდისგან რომ დაეცვათ, ეს ქაღალდი საქმიდან გამქრალია.
კაჭკაჭიშვილმა მითხრა, თუ არ გაჩერდები მოგადებო. შენზე ფილმებს განახებო, იმდენ ხანს მითვალთვალებდა. პირი გამიღეო, დამიწყო ხელის მოსმა, უცნაურ კონტაქტს ამყარებდა, ვიფიქრე ნარკოტიკი ხომ არ გადააქვს-თქო, მერე დავალაგე, რომ ბიოლოგიური მასალა აიღო, ამას აკეთებდა ლურჯი ხელთათმანით.
ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში რომ მიმიყვანა, რაღაც მომენტში მე და ალექსი კობერიძე დავრჩით მარტო და მითხრა უნდა გაგჩხრიკოო. გამხადეს ტანსაცმელი, იღლიაში მოქმედებდა, ხელებს მისვამდა. იგივეს აკეთებდა, რაც სანაპიროზე პიროს ღრუში გამიკეთეს. ვუთხარი, ვიცი რასაც აკეთებ და მომეცი ეგ ხელთათმანები-თქო და გავიდა ოთახიდან იმ ხელთაათმანით", - განაცხადა ახობაძემ.
ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.