20 ივნისის საქმეზე გამოძიების ფარგლებში პარლამენტთან ექსპერიმენტი იგეგმება - ადგილზეა მაკო გომურიც
20 ივნისის საქმეზე პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომურიც, რომელმაც მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში უნდა მიიღოს. გამომძიებებმა უნდა დაადგინოს, სად იმყოფებოდნენ აქციის მონაწილეები, რა დროსაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა აკრძალული ტყვიები გამოიყენეს.
"პირველები" პროკურატურის წარმომადგენელს ესაუბრა, რომელსაც ჰკითხა, რა მიზანი აქვს ანტისაოკუპაციო აქციიდან 6 წლის თავზე მომხდარის გამოძიებას, მეტადრე, როცა უკვე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაც.
პროკურატურის წარმომადგენელი ვერ ამბობს, დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე ბიძინა ივანიშვილს ან ირაკლი კობახიძეს, რომელიც პასუხისმგებელი იყო გავრილოვის საქართველოში შემოსვლაზე, რამაც ხალხის უმაყოფილება გამოიწვია.
ველოდებით კიდევ ერთ დაზარალებულს, რომლის მონაწილეობითაც საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ ჩატარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი და ვიმედოვნებთ, რომ ის მეტ დეტალს აღიდგენს, მიუთითებს გამომძიებელს და ექსპერტ-კრიმინალისტებს ყველა ინფორმაციას, რაც მას გააჩნია და შესაბამისად, აღნიშნული აისახება ოქმში.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2019 წელსვე და რა თქმა უნდა, ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება. სისხლის სამართლის საქმე შედგება ასობით ტომისგან და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პირია გამოკითხული, თუკი ვინმეს შემხებლობა შეიძლება ჰქონდეს ობიექტურად მნიშვნელოვანი და შესაძლოა, ფლობდეს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც მე გითხარით, ინფორმაციას, რა თქმა უნდა, არის გამოკითხული და თუკი ვინმე გამოიკვეთება, რა თქმა უნდა, გამოიკითხება.
შესაბამისი მტკიცებულებულების სტანდარტის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მიიღება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება და პასუხისმგბელობის საკითხიც დადგება კონკრეტული პირის, ვინც გამოიკვეთება გამოძიებიდან, - ამბობს საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი.