ე.წ. ბიტკოინების საქმეზე 24 ივლისს ჩანიშნული პროცესი გადაიდო - რას ამბობს ბაჩიაშვილის ადვოკატი

21.07.25 17:24
ე.წ. ბიტკოინების საქმეზე 24 ივლისს ჩანიშნული პროცესი გადაიდო - რას ამბობს ბაჩიაშვილის ადვოკატი

ბიტკოინების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში 24 ივლისს ჩანიშნული პროცესი გადაიდო. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატებს მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაუსახელეს, თუმცა დამატებითი განმარტებები, კონკრეტულად რას შეეხებოდა აღნიშნული ხარვეზი, არ გაკეთებულა. 

დაკავებული ბიზნესმენის ინტერესების დამცველები ფიქრობენ, რომ პენიტენციურმა სისტემამ ნაცემი ბაჩიაშვილის საჯაროდ გამოჩენა ვერ გაბედა. მათი თქმით მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესები დახურულია, სხდომებს უამრავი ადამიანი ესწრება.

როდის ჩაინიშნება ბიტკოინების საქმეზე სააპელაციო განხილვა, ჯერჯერობით უცნობია. 

დღეს გვქონდა კომუნიკაცია სააპელაციო სასამართლოსთან, მოსამართლის თანაშემწემ დარეკა, გვითხრა, რომ სხდომა იყო 24 ივლისს ჩანიშნული. შემდეგ, რამდენიმე საათში განხორციელდა ზარი და სხდომა გაუქმდა. ტექნიკური მიზეზებით აიხსნება რატომაც გაუქმდაო და იმ კვირაში დაგვიკავშრდებიან უკვე ახალი თარიღის განსაზღვისთვის. როგორც იცით,გიორგის სურს, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ სხდომაში. მისი მდგომარეობა ისედაც არ იძლევა ამის შესაძლებლობას, იმიტომ, რომ არის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ის მკურნალობას გადის. თუ, ვთქვათ, მას ექნებოდა, ჯანმრთელობიდან გამომდინარე ამის შესაძლებლობა, რომ დასწრებოდა, მასზე ხილული იქნებოდა ის დაზიანებები, რომელიც მას აქვს. 

ხვალ გვექნება მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს მას, რაც ასევე წარმოადგენს საშუალებას იმისას, რომ საქმეში არსებულ მასალებს გავეცნოთ, - ამბობს ადვოკატი დავით ჯანდიერი. 

 

11 ივლისს გლდანის ციხეში მომხდარი თავდასხმის საქმეზე პროკურატურას გიორგი ბაჩიაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია. ასევე, ამ დრომდე უცნობია, როგორ აღმოჩნდა ბიზნესმენზე თავდამსხმელი, ქსნის ციხის პატიმარი კახი მეტეველი ბაჩიაშვილის საკანში, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდა.