ბიძინა ივანიშვილის ნახატები იმპორტის სამეულშია - რას ამბობს ოფიციალური სტატისტიკა
2025 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური სტატისტიკა "შთამბეჭდავ" ტენდენციას აჩვენებს: ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოტანილი ნახატები იმპორტის ტოპ-სამეულშია. ოფიციალურ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
იმპორტში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია (1 მლრდ 660 მლნ დოლარი), მეორე - ნავთობპროდუქტები, ხოლო მესამე პოზიცია უკავია ხელოვნების ნიმუშებს, რომელთა ფასიც 481 მილიონ დოლარს აღწევს. სწორედ ივანიშვილი მიერ შემოტანილი ცნობილი მხატვრების ტილოების გამო გაიზარდა იმპორტის მაჩვენებელი 254 000 პროცენტით.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე, ღიად აცხადებს, რომ ქვეყანაში იმპორტი სწორედ ივანიშვილის ნახატების ხარჯზეა გაზრდილი. მისი თქმით, ივანიშვილმა ქვეყანას, იმპორტის და სხვა გადასახადებიგან თავის არიდებით, მლნ-ით დოლარი დააკარგინა.
იმპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილის ნახატებს. დაახლოებით, ეს არის 400 მლნ დოლარის ღირებულების და შემდეგ თან დაყოლილი 80 მლნ დოლალი. ნახევარი მლნ დოლარის იმპორტი განახორციელა ივანიშვილმა. ასეულობით მლნ ლარი დააკლო ქვეყნის ბიუჯეტს, ვინაიდან არ გადაიხადა იმპორტის და სხვა გადასახადები ამ ოფშორული, თაღლითური კანონის მიღების შემდეგ, - ამბობს რომან გოცირიძე.
ექსპორტის მაჩვენებელიც რეკორდულია - 3.2 მლრდ დოლარი, თუმცა ეკონომისტები განმარტავენ, რომ ამ ზრდას რეალურად რეექსპორტი იძლევა: საქართველოში შემოტანილი მანქანები სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, გადადის, მესამე ქვეყნებიდან დამალული მარშრუტებით.
არ შეიძლება, მთავრობამ არ იცოდეს და უშიშროებამ არ იცოდეს, რომელმაც რომელი ქვის ქვეშ რა დევს, ის იცის და ყველაფერი იცის ჩვენს შესახებ, უცებ არ იცოდეს, რომ ეს აწყობილი სქემებია და ფაქტობრივად, რუსეთს ვეხმარებით სანქციების გვერდის ავლაში. ეკონომიკის დამახასიათებლები, შეიძლება ითქვას, ერთი არის, ივანიშვილის იმპერიის შიგნით რა ხდება, სად შემოიტანს, გაიტანს და ა.შ. და მეორე, რა ბარბაროსობებს სჩადის რუსეთი უკრაინაში, ეს არის ძრავი, - ამბობს გიგი ბედინეიშვილი.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად იკლებს. სპეციალისტების თქმით, ეს აჩვენებს, რომ მთავრობა უპირატესობას აღარ ანიჭებს ადგილობრივ მწარმოებლებს, და ეკონომიკა უფრო ემსახურება ივანიშვილის პირად, ოფშორულ ინტერესებს, ვიდრე ქვეყნის საერთო განვითარებას.