11 პირის საქმე - მოწმე პოლიციელი აღიარებს, რომ "კონფიდენტები" აქციიდან ინფორმაციას აწვდიდნენ

21.07.25 17:48
11 პირის საქმე - მოწმე პოლიციელი აღიარებს, რომ "კონფიდენტები" აქციიდან ინფორმაციას აწვდიდნენ

პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესზე დღეს ჩვენება პროკურატურის მოწმემ, პოლიციელმა გიორგი ჩხეიძემ მისცა.

მოწმე პოლიციელმა დღეს ადვოკატების კითხვების საპასუხოდ აღიარა, რომ "კონფიდენტები" აქციიდან ინფორმაციას აწვდიდნენ .

ადვოკატი ირმა ჭკადუა - თქვენ ყველა კონფიდენტს დაურეკეთ?

მოწმე: - ერთს მემგონი, ან ორს

ადვოკატი ირმა ჭკადუა: და რა დავალება მიეცით?

მოწმე: თუ იცოდნენ კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები და სხვა ინფორმაცია

ადვოკატი ირმა ჭკადუა: და იმ წუთშივე  გითხრათ, რომ ვიცი და მოვალ გეტყვიო?

მოწმე: არა, მაშინვე არა, 5-ში მივიღე ეს ინფორმაცია.

ადვოკატი ირმა ჭკადუა: დაგირეკათ და ეს გვარები და სახელები გამოგიგზავნათ, თუ თქვენ ჩაიწერეთ?

მოწმე: არა, მე ჩავიწერე.

ადვოკატი ირმა ჭკადუა: სურათებიც ხომ არ მოუწოდებია?

მოწმე: არა.

ადვოკატი ირმა ჭკადუა: ეს თქვენი კონფიდენტი პოლიციის თანამშრომელია ან ოპერატორი?

მოწმე: არა.

ადვოკატი ირმა ჭკადუა: თქვენ მას უთხარით კონკრეტული გვარები და სახელები?

მოწმე: დიახ.

ადვოკატი ირმა ჭკადუა: და შემდეგ გადაამოწმეთ?

მოწმე: დიახ, მამის სახელებიც და დაბადების თარიღებიც ვიცოდით, ზოგ შემთხვევაში.

ადვოკატი ირმა ჭკადუა: ეს ოპერატორები როცა იღებენ სხვადასხვა შემთხვევებს, თან პასპორტებსაც ხომ არ თხოვენ საინტერესო ადამიანებს?

მოწმე: ოპერატორი და კონფიდენტი, რა შუაში არიან?

ადვოკატი ირმა ჭკადუა: თქვენი კონფიდენტები, როცა ოპერატიულ ინფორმაციას აგროვებენ, პირებს პასპორტებს არ თხოვენ?

მოწმე:  საერთოდ არ აქვთ კონფიდენტს და ოპერატორს ურთიერთობა.

მოწმეს კითვები დაუსვა სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმაც.

ადვოკატი: ვიდეოზე, როდესაც იძახით რომ კიკნაძეს ქვა უჭირავს, ეს თქვენი მოსაზრებაა თუ ფაქტი?

მოწმე: ეს ჩემი მოსაზრება არაა, ეს მე დავინახე, კადრებიდან მივხვდი

ადვოკატი: საგნის წონა როგორ გაიგეთ?

მოწმე: ქვა იმდენად მყარად მიფრინავს, რომ … ჩემი მოსაზრებაა ეს

ადვოკატი: ხო, მაგას ვკითხულობ ზუსტად.

ადვოკატი: რევაზ კიკნაძის ვიდეო, ხომ არ გახსოვთ დაახლოებით რამდენი ხანი მიმდინარეობდა?

მოწმე: რამოდენიმე წამი.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.