პროვოკაცია აქციაზე - გდდ-ს მზვერავი იდენტიფიცირების შემდეგ, მიმალვაშია
ვინ მოაწყო პროვოკაცია შაბათის აქციის დროს? - მსვლელობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, უცხო ენაზე მოსაუბრე ორმა პირმა, აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ჩხუბი მოჰყვა, კადრების გაშიფვრის შემდეგ "პირველებმა" დავადგინეთ, რომ რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც ინციდენტის პროვოცირება მოახდინეს, ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ.
"პირველების" ინფორმაციით, თანმხლები პირი მამუკა ასათიანია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საიდუმლო თანამშრომელი. ის დაზვერვის მიმართულებითაა დასაქმებული. ვიდეომასალაში ცხადად ჩანს, რომ სპეცსამსახურის თანამშრომელს, აქციაზე პროვოკაციის მოსაწყობად მისული პირები ჯერ აფთიაქში შეჰყავს, შემდეგ კი პროვოკატორების გაყვანას იწყებს.
შაბათის ეთერის ტელეოპერატორების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაზვერვის ოფიცერი ეტაპობრივად, დავალებებს მობილურით იღებს და სავარაუდოდ ზემდგომ პირებს ანგარიშს აბარებს. ვინ დააორგანიზა პროვოკაცია არჩევნების მოწინააღმდეგეების აქციაზე? ეს ახლა მთავარი კითხვაა, სპეცრაზმის საიდუმლო თანამშრომელი დღეს სამსახურში არ გამოჩენილა.