სტიქია ბახმაროში - დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, კოტეჯები და წაღებულია გზები (ვიდეო)

22.07.25 10:46
სტიქია ბახმაროში - დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, კოტეჯები და წაღებულია გზები (ვიდეო)

 

 

სტიქია გურიაში - უხვმა ნალექმა და ქარმა ბახმაროში პრობლემები შექმნა. 

ტურისტებით სავსე კურორტზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, კოტეჯები და წაღებულია გზები. ასევე მოხდა 12 კოტეჯიდან მოქალაქეების ევაკუაცია და უსაფრთხო ადგილზე გაყვანა. 

როგორც ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე "პირველებთან" აცხადებს, გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ღელეები და მდინარე ბახვისწყალი აადიდა და ამან შექმნა რთული ვითარება კურორტზე.

ბახმაროში ამ წუთებში მძიმე ტექნიკა მუშაობს და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

"წუხელ საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა ღელეები და ბახვისწყალი აადიდა და დიდი რაოდენობით ნატანის ჩამოტანა მოხდა შიდა გზებზე, ასევე დამეწყრილი იყო ბახმარომდე დამაკვაშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა. დილიდანვე დაიწყო გზის გაწმენდითი სამუშაოები. თითქმის გაწმენდია ბახმაროსთან დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა, ასევე ტექნიკა მუშაობს დაბის ტერიტორიაზე ბახმაროში. ჯერჯერობით შიდა გზებზე პრობლემა იქნება ბუნებრივია, მაგრამ დღის განმავლობაში ჩვენს დამსვენებლებს ეს პრობლემა მოეხსნება", - აცხადებს ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა.