სტიქია ადიგენში: ძლიერმა წვიმამ სოფლები დააზარალა - დაზიანებულია სახლები, ეზოები და ავტომობილები

22.07.25 10:52
სტიქია ადიგენში: ძლიერმა წვიმამ სოფლები დააზარალა - დაზიანებულია სახლები, ეზოები და ავტომობილები

 

 

ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა ღვარცოფმა განსაკუთრებით მძიმე ვითარება შექმნა სოფელ გომაროში, სადაც დაზარალდა შვიდი ოჯახი.

ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი თითქმის სრულად დაფარა ჩამოსულმა ნაშალმა მასამ. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეზოები, დამხმარე ნაგებობები და ღობეები. განადგურდა ავეჯი, ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. დაზიანებულია დაახლოებით ათი ავტომობილი.

დაზარალებული ოჯახები სტიქიის ზონიდან გაიყვანეს - ისინი მეზობლებთან გადანაწილდნენ. მოსახლეობა კი ელოდება მძიმე ტექნიკას, რათა დაიწყოს გაწმენდითი და სალიკვიდაციო სამუშაოები.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წვიმა დაიწყო გუშინ საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე. მალევე კი მეწყრული მასა დიდი ძალით წამოვიდა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.

სტიქია შეეხო სოფელ შოყასაც, სადაც, ადგილობრივი მედიის ცნობით, ვითარება ასევე მძიმეა.