11 პირის საქმე - მოწმე პოლიციელი აღიარებს, რომ საქმეში არსებული ვიდეომასალა "ოპერატორის დახმარებით დაჭრა"

22.07.25 15:34
11 პირის საქმე - მოწმე პოლიციელი აღიარებს, რომ საქმეში არსებული ვიდეომასალა "ოპერატორის დახმარებით დაჭრა"

საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 11 პირის -ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე დღეს ჩვენება მისცა მოწმე პოლიციელმა, კონსტანტინე კერესელიძემ, რომელმაც სასამართლოს უთხრა, რომ "ტვ იმედის" ყურებისას, ეთერში ამოიცნო სინდისის პატიმარი ვალერი თეთრაშვილი, რომელიც მისი მტკიცებით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. 

ასევე მოწმემ ისაუბრა კიდევ ერთ ბრალდებულ გიორგი ტერიშვილთან დაკავშირებითაც და ამტკიცებდა, რომ ტერიშვილი მყარ საგანს ესროდა პოლიციელებს, თუმცა თქვა, რომ არ დაუნახავს, მოხვდა თუ არა აღნიშნული მყარი საგანი პოლიციელებს, ასევე ისიც ვერ თქვა, იყო თუ არა ეს საგანი მყარი.

დღეს კონსტანტინე სასამართლოში აღიარა, რომ ვიდეომასალა, რომელიც საქმეში დევს, "დაჭრილი იყო". მან თქვა, რომ ვრცელ ვიდეოკადრებს "ოპერატორის დახმარებით ჭრიდა". 

ადვოკატი ირმა ჭკადუა: თქვენ ახსენეთ, რომ გამომძიებლის დახმარებით მოახერხეთ ამ პირების იდენტიფიცირება? როგორ დაგეხმარათ, რომ ვიდეოში გეპოვათ ეს ადამიანები?

მოწმე:  ვიდეოში არ დამხმარებია.

ადვოკატი ირმა ჭკადუა: აბა? ადამიანი, რომ ის კონკრეტული ადამიანი იყო, როგორ მიხვდით?

მოწმე: საქმეში დადგენილი იყო.

ადვოკატი ირმა ჭკადუა: თქვენ თქვით, რომ ვალერიმ თეთრაშვილმა პიროტექნიკა ისროლა პოლიციელების მიმართულებით, თქვენ ეს დაინახეთ?

მოწმე: არა, პიროტექნიკის გასროლა არ დამინახავს, მაგრამ ვხედავდი სროლას…

ადვოკატი ირმა ჭკადუა: როგორ დაადგინეთ, რომ პიროტექნიკა იყო? ასევე მყარი, რომ იყო, როგორ დაადგინა? რკინა იყო? თუ ქაღალდი..

მოწმე: მყარი მუყაო იყო…

ადვოკატი ირმა ჭკადუა: მუყაო რა არის? ქარალდი არაა?

მოწმე: რუსთაველის გამზირზე ვალერი თეთრაშვილს ეჭირა მოგრძო, მყარი პიროტექნიკა, არ ვიცი გასროლილი იყო თუ ცარიელი. ისვრის პოლიციელების მიმართულებით. 

ადვოკატი ირმა ჭკადუა: რამხელა იყო ეს ნივთი?

მოწმე: დაახლოებით ნახევარი მეტრი…

ადვოკატი ირმა ჭკადუა: და როგორ დაადგინეთ ნივთის სიმყარე?

მოწმე: ასფალტზე რომ ურტყამს აქედან, რომ არ ყოფილიყო მყარი ვერ გაისროდა.

ადვოკატი ირმა ჭკადუა: და შემდეგ, სად გაისროლა?

მოწმე: პოლიციელების კორდონის მიმართულებით. 

ადვოკატი ირმა ჭკადუა: რამდენად შორს გაისროლა ნივთი?

მოწმე: არ ვიცი, დანიშნულების ადგილს მიაღწია, სავარაუდოდ…

მოწმეს კითხვები დაუსვა ადვოკატმა გოგიტა ბახტაძემაც. სწორედ ბახტაძემ ჰკითხა პოლიციელს კადრების შესახებ, რაზეც კონსტანტინე კერესელიძემ აღიარა, რომ ვიდეომასალა "დაჭრილია".

ადვოკატი გოგიტა ბახტაძე: ვიდეო, რომ ვრცელი ყოფილიყო როგორ გადმოწერდით - უნდა დაგეჭრათ ორ ნაწილად?

მოწმე:  - დიახ, ოპერატორის დახმარებით.

ადვოკატი გოგიტა ბახტაძე: ანუ რომ დაჭრიდით, მერე გააერთიანებდით, რომ ერთი სრული სურათი გვქონოდა?

მოწმე: არა, ცალ-ცალკე გადმოვწერდით.

ადვოკატი გოგიტა ბახტაძე: ანუ, როგორც გავიგე, თუ ვრცელი ვიდეოები იყო, ამას ჭრიდით - ოპერატორის დახმარებით?

მოწმე: დიახ.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.