RS: მზად ვართ, საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, ბათუმელებს ყადაღა მოვუხსნათ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მედიაპლატფორმა "ბათუმელების" ანგარიშებზე დადებულ ყადაღასთან დაკავშიებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მზად არის, დავალიანების გადახდის გრაფიკის შეთანხმების შემთხვევაში ინკასო მოხსნას.
საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა - ბათუმელებს უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით.
ასევე განვმარტავთ, რომ საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ყადაღის დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით.
შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა ბათუმელების ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიაგამოცემა "ბათუმელებმა" 21 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ მათი ანგარიშები ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით დაყადაღდა და ინკასო დაედო. ოფიციალურად ინკასოს მიზეზად საგადასახადო დავალიანება სახელდება, თუმცა "ბათუმელები" მოვლენას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს - მათ შორის, ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის საქმეზე მოსალოდნელ განაჩენს.
გავცელებულ განცხადებაში გამოცემა წერდა, რომ მიმართეს შემოსავლების სამსახურს გადახდის გრაფიკის შეთავაზებით, თუმცა უწყებამ შეთავაზება არ მიიღო და უარით უპასუხა.