„ბათუმელებმა“, მკითხველის მხარდაჭერით, ძირი დავალიანება დაფარა

22.07.25 15:57
„ბათუმელებმა“, მკითხველის მხარდაჭერით, ძირი დავალიანება დაფარა

22 ივლისს „ბათუმელებმა“ ბიუჯეტის წინაშე არსებული ძირი საგადასახადო დავალიანება - 47 ათასი ლარი სრულად გადაიხადა.
როგორც გამოცემა აცხადებს, ამ თანხის გადახდა მკითხველების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, რის გამოც საზოგადოებას მადლობას უხდის:

„დავალიანების დაფარვა შევძელით მკითხველების გვერდში დგომის წყალობით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.“

ამ დროისთვის „ბათუმელებს“ გადასახდელად დარჩა მხოლოდ საურავი და ჯარიმა.

საურავი – 126,000 ლარი

ჯარიმა – 109,000 ლარი

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ინკასოს გამოყენება მოხდა მიზანმიმართულად, მზია ამაღლობელის საქმის განაჩენის პარალელურად, რაც მათთვის მიანიშნებს პოლიტიკური ზეწოლის აშკარა ნიშნებზე:

„ინკასო გამოყენებული იყო ხელისუფლების მიერ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, ხოლო პერსპექტივაში – მისი შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად.“

„ბათუმელები“ ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს აშკარა ორმაგ სტანდარტზე:

„ტელეკომპანია იმედის“ ბიუჯეტის მიმართ დავალიანება ოფიციალურად 17 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო „რუსთავი 2-ის“ - 25 მილიონს.

ამავდროულად, „ბათუმელები“ აცხადებს, რომ საკუთარი დავალიანება ოფიციალურად ჰქონდათ აღიარებული და დაფარვას ყოველთვიური გადახდებით ახორციელებდნენ.

ინკასოს დაწესების შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი მოითხოვეს, თუმცა უწყებამ ამ თხოვნას უარით უპასუხა.