სინდისის პატიმრებმა არტემ გრიბულმა და ანტონ ჩეჩინმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადეს

22.07.25 16:37
სინდისის პატიმრებმა არტემ გრიბულმა და ანტონ ჩეჩინმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადეს

სინდისის პატიმრებმა, არტემ გრიბულმა და ანტონ ჩეჩინმა, გუშინ, მშრალი შიმშილობა გამოაცხადეს.

ორივე მათგანი ამჟამად ერთ საკანში არიან მოთავსებულები. 

არტემ გრიბულს სამი მოთხოვნა, მოთხოვნებს შორისაა სასამართლო პროცესებზე მედიის დაშვება. მოშიმშილე პატიმარი ითხოვს, პროკურატურამ იმ პოლიციელების წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება, ვინც გრიბულის თქმით, დაკავებისას მას და ანასტასია ზინოვკინას ნარკოტიკი ჩაუდო.  პატიმარი წერილში აღნიშნავს იმასაც, რომ მშრალ შიმშილობას არ შეწყვეტს მანამდე, სანამ ქალთა ციხეში მოთავსებულ ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობა არ გამოუსწორდება. 

შვიდი თვის წინ მე და ანასტასია ზინოვკინა პოლიციელებმა დაგვაკავეს და ნარკოტიკები ჩაგვიდეს. ისინი არც მალავდნენ, რატომ გააკეთეს ეს - აქციებში მონაწილეობის გამო. საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის გამო. ხელისუფლებას ძალიან ეშინია საკუთარი ხალხის და ცდილობს ყველანაირად დააშინოს, როგორც საკუთარი ხალხი, ისე ისინი, ვინც ამ ხალხს მხარს უჭერს.

დღეს საქართველოში არაერთი საქმეა სისტემას არადამორჩილებულ ადამიანებზე. ზოგიერთი საქმე დეტალებამდე იმეორებს ჩვენსას. ასეთია ანტონ ჩეჩინის, გიორგი ახობაძეს, ნიკა კაციასა და თედო აბრამოვის საქმეები.

ჩვენს საქმეზე არ ჩატარდა ობიექტური და სრულფასოვანი გამოძიება. დაცვის მხარესაც არ მისცეს შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საკუთარი გამოძიება: არ გვაძლევენ იმ მტკიცებულებების მოპოვების უფლებას, რომლებიც მთლიანად გვამართლებენ და აჩვენებენ, რომ ნამდვილი დამნაშავეები თავად პოლიციელები არიან.

  1. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა "ორი ნაბიჯის" გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღებასა და საქმეზე დართვის შესახებ. ამ კამერაზე აღბეჭდილია ჩვენი დაკავებისა და ნარკოტიკების ჩადების მომენტი. ეს ჩანაწერი ცრუ ჩვენებებს მთლიანად გააქარწყლებდა. ნათელია, რატომ ეშინოდათ ამ ვიდეოსი.
  2. პოლიციელებისა და თარჯიმნების დაკითხვის ოქმებში არ არის მითითებული ტელეფონის ნომრები, რითაც დაცვის მხარეს შეეძლო ამოეღო დეტალური ზარებისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაცია. ეს ინფორმაცია მთლიანად გააბათილებდა დაკავების დროის შესახებ ოქმში მითითებულს და დაამტკიცებდა, რომ ყველა მოწმე სასამართლოზე ტყუოდა.
  3. ირაკლი მუხათგვერდელმა სასამართლოზე თქვა, რომ მან გამჩხრიკა და ამოიღო ნარკოტიკი ხელთათმანების გარეშე. თუმცა სინამდვილეში მან ანასტასია გაჩხრიკა, მე კი — ჯემალ მირაზანაშვილმა, რომელმაც სასამართლოზე საერთოდ თქვა, რომ დაკავების ადგილზე არ ყოფილა! მე შევიტანე შუამდგომლობა, რომ ირაკლი მუხათგვერდელს დანიშნოდა დნმ ექსპერტიზა, რათა დადასტურებულიყო, რომ ის საერთოდ არ შეხებია კონვერტებს. სასამართლომ უარი თქვა.
  4. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომებზე არ უშვებენ მედიას — ფოტორეპორტიორებს, ოპერატორებსა და ჟურნალისტებს. ჩვენი პროცესები არ ვრცელდება. ჩვენს მშობლებსა და ახლობლებს მხოლოდ მედიით ჰქონდათ საშუალება, დაგვენახეთ — ახლა კი ეს შესაძლებლობაც აღარ აქვთ.

დაკავებამდე ანასტასიას უკვე ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები - კერძოდ, ხერხემალთან დაკავშირებით. ციხეში გაუსაძლისმა პირობებმა ეს პრობლემები კიდევ უფრო გააუარესა. თუ დააკვირდით, ანასტასიას სასამართლოზე ვერც კი ჯდება — ხერხემალი ისე სტკივა.
ციხის ადმინისტრაცია არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს. მაგალითად, ანასტასიას არ მისცეს ორთოპედიული მატრასი. ტკივილის გამო იძულებულია რკინის საწოლზე ძინავს უშუალოდ — ასე ოდნავ ნაკლებად სტკივა.

გარდა ამისა, ანასტასია ცხოვრობს საშინელ პირობებში:

  1. კამერაში არ არის ნორმალური განათება. ამის გამო, როცა კითხულობს და წერს, მას თვალების პრობლემები დაეწყო.
  2. არ აქვს ნორმალური კვება, რის გამოც ძალზე დასუსტდა და დაიკლო წონაში. საჭმლის მომზადების შესაძლებლობაც არ აქვს — ელექტროსახარში, რომელსაც ჩემს ციხეში ყიდიან, იქ არ იყიდება.
  3. მისი კამერა სულ რამდენიმე ნაბიჯის სიგრძისაა — არანაირი შესაძლებლობა არაა, რომ გაიაროს ან გაიმოძრაოს.

მოვითხოვ:

  1. მედიას მიეცეს სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება;
  2. პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მიმართ ჩვენი საჩივრების საფუძველზე;
  3. ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობა გამოსწორდეს: მიეცეს ნორმალური კვება, სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანონ ნათელ, სუფთა და ფართო კამერაში.

ჩემს მოთხოვნებამდე ვაცხადებ მშრალ შიმშილობას - უარს ვამბობ საკვებსა და წყალზე.

ასევე, მოვუწოდებ ყველა პოლიტპატიმარს საქართველოში შემოუერთდნენ შიმშილობას - ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის!" - წერს არტემ გრიბული ვრცელ წერილში. 

ცნობისთვის, 24 წლის არტემ გრიბული კრიმინალურმა პოლიციამ 17 დეკემბერს, 31 წლის ანასტასია ზინოვკინასთან ერთად დააკავა. მათ წინააღმდეგ აღძრული მუხლი ქართული კანონმდებლობით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობად კვალიფიცირდება და სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხოლო, 26 წლის ანტონ ჩეჩინი საქართველოში რუსეთიდან მასე შემდეგ ჩამოვიდა, რაც უკრაინაში რუსული რეჟიმის შევიდა და ომი წამოიწყო. ჩეჩინის ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა რუსეთში ანტიპუტინისტურ აქციებში მონაწილეობდა, ის ნავალნის პარტიის მხარდამჭერი იყო და რამდენჯერმე დაკავებულიც იყო, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩეჩინი უკვე საქართველოში გამართულ აქციებში მონაწილეობდა.