თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში პუტინის მხარდამჭერი, სამხედრო წოდების მქონე რუსი ათლეტები მონაწილეობენ

22.07.25 17:38
თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში პუტინის მხარდამჭერი, სამხედრო წოდების მქონე რუსი ათლეტები მონაწილეობენ

სამხედრო წოდების მქონე პუტინის მხარდამჭერი და სანქცირებული სპორტსმენები საქართველოში - თბილისში, სპორტის სასახლეში, სადაც დღეს ფარიკაობის ჩემპიონატი გაიხსნა, დაახლოებით 17 რუსი სპორტმენი მონაწილეობს. მონაწილეებს შორის არიან რუსეთის არმიის მაიორი, სოფია ველიკაია, ლეიტენანტის წოდების მქონე იანა ეგორიანი და რუსეთის შეიარაღებული ძალების უმცროსი ოფიცერი ოლგა ნიკიტანაც.

რუსი მოფარიკავეები საქართველოში ნეიტრალური სპორტსმენების სტატუსით იმყოფებიან, თუმცა ჩემპიონატის მონაწილეების ნაწილისთვის ფაქტი კატეგორიულად  მიუღებელია. მათი თქმით, აგრესორების გვერდით ფარიკაობა დიდი დისკომფორტია.  ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე, რომელიც ტურნირის ოფიციალური მასპინძელია, არსებულ კითხვებს არ პასუხობს.

რატომ დართეს ნება რომ მათ მონაწილეობა მიეღოთ მე არ ვიცი და ჩემთვის გაუგებარიცაა. მსოფლიო შოკშია, როგორ შეიძლებოდა მათი ჩართვა თამაშში. ეს საშინელი გადაწყვეტილებაა და მე ვფიქრობ, რომ ყველა გაოგნებულია. სამწუხაროდ ასეთი სიტუაციაა, რა თქმა უნდა ეს არასწორია", - ამბობს უკრაინის წარმომადგენელი. 

მე ვნახე, რომ ისინი დამოუკიდებლად მონაწილეობენ ჩემპიონატში. მართლა ვფიქრობ, რომ ეს უსამართლოა, რადგან მათ აეკრძალათ საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობა, იმის გამო, რომ სამხედრო პროცესში არიან ჩართულები, მაგრამ ახლა იყენებენ რაღაც მსგავს, თითქოს დამოუკიდებლობას. მათ მართლაც უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვიალდ დამოუკიდებლები არიან და არა სამხედროსთან კავშირში. ცოტა არ იყოს უსამართლობაა", - ამბობს ჩემპიონატში მონაწილე ერთ-ერთი სპორტსმენი. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მსოფლიო სპორტულ ღონისძიებებში რუსეთისა და ბელარუსიის მონაწილეობას კრძალავს - რუსი და ბელარუსელი სპორტსმენების მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით არის დაშვებული. თუმცა, თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატამდე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) ნეიტრალური სტატუსის მიღება გაამარტივა და შემოწმების პროცესი გააუქმა. 

ვფიქრობ რომ შემოწმების პროცესი გარკვეული მიზეზით არსებობდა და თუკი ათლეტი ამ შემოწმებას წარმატებით გაივლიდა, ბუნებრივია პრობლემა მის მონაწილეობასთან დაკავშირებით არც იარსებებდა. მაგრამ მოულოდნელად გადაწყვიტეს, რომ ამოეღოთ ნებისმიერი დადასტურება ამ პროცესიდან, შესაბამისად სპორტსმენების ნაწილს ვინც შეჯიბრში მონაწილეობას იღებს, ღიად აქვს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პუტინთან ერთად ფოტოები. მათ შორის სამხედრო ტამსაცმელში, ზოგიერთი პუტინის პამპანიაშიც კი იყო ჩართული. ამიტომ ასეთი ადამიანების ვფიქრობ მკაცრად უნდა მოწმდებოდნენ, რადგან ფაქტია მათი წარსულით არავინ დაინტერესებულა".- თქვა ამერიკელმა მოფარიკავემ.

მათი მონაწილეობა საერთოდ აკრძალული უნდა იყოს, რადგან ისინი არიან რუსები და აწარმოებენ სისხლისმღვრელ ომს უკრანელების წინააღმდეგ. ეს ათლეტები დამოუკიდებელი მონაწილეები არ არიან- მათთვის მონაწილეობის უფლების მიცემა შეჯიბრისთვის დიდი  ჩავარდნაა. ვიცი რომ ეს უკრაინელებისთვის არასასიამოვნო და დამთრგუნველი მომენტია, რადგან ისინი უნდა დაუპირისპირდნენ რუსეთის წარმომადგენელს ეს კი ემოციურად ძალიან მძიმეაა. ასეთმა მნიშვნელოვანმა შეჯიბრმა, უნდა გაითვალისწინოს რომ წარმომავლობის გამო მონაწილეს ასეთ სტრესში ყოფნა არ უწევდეს".- ამბობს გერმანელი მოფარიკავე ფრაუკ ჰოჰლბეინი.

"ოცნება" თბილისში მიმდინარე ჩემპიონატში რუსი სპორტსმენების მონაწილეობაში პრობლემას ვერ ხედავს.

აბსოლუტურად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ეს არის ჩვეულებრივი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ტარდება სხვადასხვა ქვეყნებში. ახლა იმართება თბილისში, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის და დაანებეთ ამ სისულელეებს თავი", - განაცხადა კახა კალაძემ. 

ჩემპიონატი თბილისში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთიდან და ბელარუსიდან ჯამში 40 წარმომადგენელია საქართველოში ჩამოსული.