სინდისის პატიმრების პროცესები იწყება - სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან

23.07.25 11:49
სინდისის პატიმრების პროცესები იწყება - სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან

საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესები იწყება. რამდენიმე წუთში სინდისის 8 პატიმრის პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან და ამასთან, სავარაუდოდ, დღესვე მოუსმენენ იმ გამომძიებელს, რომელმაც საქმეში არსებული ვიდეომასალები დაათვალიერა.

ადვოკატების შეფასებით, მისი გამოკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ამ დრომდე გამოკითხული არ არის და სწორედ, ამ მთავარმა გამომძიებელმა უნდა გასცეს 2 მთავარ კითხვას პასუხი: პირველი, დაადგინა თუ არა, რომ აღნიშნულ პირებს ერთმანეთთან რაიმე სახის კომუნიკაცია აქვთ, რადგან მათ სწორედ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას ედავებიან და მეორე, ჰყავს თუ არა პირდაპირი მოწმე ბრალდებულებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას.

კონკრეტულად ვის მოიყვანენ დარბაზში პროკურორები, ამ კითხვაზე პასუხი ადვოკატებს არ აქვთ, თუმცა, აცხადებენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ვერცერთმა მოწმემ, ვერცერთ ბრალდებულთან დაკავშირებით, მამხილებელი ჩვენება სასამრთლოს ვერ მისცა.

დღეს დაიკითხება, ჩემი ინფორმაციით, ის გამომძიებელი, რომელმაც უშუალოდ ვიდეოს დათვალიერება ჩაატარა. აღნიშნული ვიდეოს დათვალიერება არ არის კანონიერი და დაცვის ხმარეს გვქონდა ჩვენი პოზიცია ამაზე წინა სასამართლო სხდომაზე, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მასთან გვაქვს მნიშვნელოვანი კითხვები, რადგან რეალურად მან ჩაატარა საკგამოძიებო მოქმედება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, იყო უკანონო და პასუხები აქვს გასაცემი იმ კითხვებზე, რაც აცდენილია კანონს, - განაცხადა ნინო ლომინაძემ.

მთავარ გამომძიებელთან მაქვს სულ ორი თემატიკა: პირველი, რაიმე მტკიცებულება თუ მოიპოვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იქ მყოფებს იცნობს, და მეორე, ვინმე პირდაპირი მოწმე თუ დაკითხა, ორივეზე პასუხი არის არა, მეტ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის, რადგან არ გაუკეთებია მსგავსი რამ, - ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.

სავარაუდოდ, ივლისის ბოლომდე უნდა დასრულდეს სახელმწიფო ბრალდების მოწმეების წარდგენა სასამართლოში, რადგან ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები უკვე გამოკვლეულია. ამის შემდეგ დაცვის მხარე დაიწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას და შემდეგ კი სინდისის 8 პატიმრის საქმეზე განაჩენის გამოცხადების დროც მოვა.

დაკავებულების ოჯახის წევრები, რომლებიც სასამართლოსთან დილიდან შეიკრიბნენ, აცხადებენ, რომ “ახლა მნიშვნელოვანი საზოგადოება იმ უსამართლობას არ შეეგუოს, რომელიც სასამართლოს შენობაში ტრიალებს.“

ველოდები იმ გამომძიებელს, ვინც ჩვენთან სახლში, თორნიკეს წაყვანის დროს იყო. მოვუსმენ მაინც, მაგრამ გვეცოდინება, რომე ს ყველაფერი ტყუილია, რადგან ვიცით, რომ ამ ბიჭებს და გოგონებს, აუცილებლად მიუსჯიან. ყველაზე სასაცილოა 4,6 წელი, არ ვიცი, ეს რა არის, -ამბობს მარიზი კობახიძე.

სინდისის 8 პატიმრის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. დღესვე ჩანიშნულია დავით ხომერიკის სხდომაც, ასევე 15:00 სააათზე სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი.