“ნაწილი თმით ითრიეს, ბიჭებს “პრინცესებს“ ეძახდნენ“- ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულებს დაზიანებები აღენიშნებათ

25.07.25 13:20
“ნაწილი თმით ითრიეს, ბიჭებს “პრინცესებს“ ეძახდნენ“- ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულებს დაზიანებები აღენიშნებათ

თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულებს ფიზიკური დაზიანებები აქვთ. დალურჯებები აღენიშნებათ გოგონებსაც.

იზოლატორებიდან გამოსული ადვოკატები ყვებიან, რომ ახალგაზრდების ნაწილი თმით ითრიეს, ბიჭებს კი,  გრძელი თმის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და “პრინცესებს“ ეძახდნენ.

აქტივისტები რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდნენ, რომ მათთან ადვოკატები შესულიყვნენ, თუმცა მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და უფლებადამცველებმა მხოლოდ გვიან ღამეს და გამთენისას მაოხერხეს იზოლატორში შესვლა.

რამდენიმეს აღენიშნება ფიზიკური დაზიანება, მაგალითად, ერთ-ერთმა დაკავებულმა მომიყვა, რომ როდესაც ის წაიქცა, თმებით ათრევდნენ, ვიდრე მიიყვანდნენ მიკროავტობუსამდე და ეს ადამიანია ახლაგაზრდა ბიჭია. როდესაც მიყავდათ, ფერდებშიც კი ურტყამდნენ, ვიდრე მანქანაში ჩასვამდნენ, თავი მიარტყმევინეს, რის შემდეგაც მოხდა სასწრაფო სამედიცინო მომსახურების გამოძახებაც, იმდენად ცუდად იყო ის. ასევე, ერთ-ერთ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც არის მებრძოლი, სოლიდარული იმ ადამინების, რომლებიც სახლიდან უნდა გამოეყარათ,  ასეთ ადამიანებს, დამცირების მიზნით, ეძახდნენ პრინცესებს, -ამბობს ლაშა ტყშელაძე.

ფიზიკურ დაზიანებებზე საუბრობს კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი და ამბობს, რომ “მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელზე ჰქონდა ჭრილობა, რომელიც ექიმმა დაუმუშავა.“

მკლავი აქვს ჩალურჯებული და ხელი აქვს გაჭრილი, რომელიც ექიმმა დაუმუშავა, ახლა თავს კარგად გრძნობს, რაც შეეხება დაკავების მიზეზს, როგორც თვითონ ამბობს, სავარაუდოდ, დააკავეს პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, თუმცა, სოფოს თქმით, არანაირი მოთხოვნა პოლიციელის მხრიდან, ადგილის დატოვებაზე ან სხვა სახის, არ ყოფილა. პოლიციამ, პრაქტიკულად, მოულოდნელად დაიწყო მათი დაკავება, მიზეზი მათთვის უცნობია, - ამბობს ადვოკატი.

დაკავებების სერია თვალჭრელიძის ქუჩაზე გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოსახლების პროცესში პოლიციამ 17 პირი დააკავა. მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულებს შორის არიან როგორც ადგილობრივი გამოსახლებულები, ისე სამოქლაქო აქტივისტები. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.