ორი საათი გიორგი ახობაძის სასამართლომდე-მოსამართლე ტყეშელაშვილი სინდისის პატიმრის განაჩენს დღეს გამოაცხადებს

25.07.25 15:30
ორი საათი გიორგი ახობაძის სასამართლომდე-მოსამართლე ტყეშელაშვილი სინდისის პატიმრის განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ორი საათი გიორგი ახობაძის განაჩენამდე-სინდისის პატიმრის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.  

ცოტა ხანში მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი იტყვის, რამდენი წლით უშვებს სინდისის პატიმარ ექიმს ციხეში. მანამდე კი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს თავად ბრალდებული, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

უკვე თვეებია დაკავებულიც და მისი ადვოკატებიც ამტკიცებენ, რომ სინდისის პატიმრის წინააღმდეგ საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი და მას ნარკოტიკები ჩაუდეს.

გიორგი ახობაძისგან, მისი ნების საწინააღმეგოდ, აიღეს პირის ღრუდან ბიოლოგიური მასალა და დატანილი იქნა ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე, შესაბამისად, ის ბოილოგიური მასალა, რაზედაც ბრალდების მხარე ამბობს, რომ ეს არის ახობაძის დნმ-ი, დადასტურდა, რომ არის ნერწყვი, ამიტომ, აღნიშნული მტკიცებულებაც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, გაბათილდა ჩვენს მიერ წარდგენილი  ექსპერტიზის დასკვნით. იმ პირობებში, რომ თითქმის, ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს გიორგის წინააღმდეგ, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება ა ამას ადასტურებენ მხოლოდ პოლიციელები, რომლებიც, ხშირ შემთვევაში, არსებითად ეწინააღმდეგებიან ჩხრეკაში ასახულ ინფორმაციას, ერთმანეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ჩემთვის წარმოუდგენელია, ამ პირობებშიც კი, როგორ უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, საქმის ობიექტურად განხილვის პირობებში, გამამართლებელ განაჩენს ალტერნატივა არ აქვს,- ამბობს ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე.

სასამართლო პროცესი 17:00 საათზეა ჩანიშნული. გიორგის საგულშემატკივროდ სასამართლოში სინდისის სხვა პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლებიც მივლენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მოსამართლეს განაჩენი უკვე დაწერილი აქვს, რადგან “გადაწყვეტილებას იღებს სისტემა და სისტემიდან ისინი იღებენ დავალებას, რომ შეასრულონ.“

ჩვენ ნანახი გვაქვს, ე.წ. მოსამართლეებს როგორ მოაქვთ უკვე დაწერილი განაჩენები და ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი თვითონ არ წყვეტენ და არ არიან ამ საქმის თავები. ამ გადაწყვეტილებას იღებს სისტემა და სისტემიდან ისინი იღებენ დავალებას, რომ შეასრულონ. გიორგის საქმეზე არ არსებობს სამყაროში არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ მას მართლა ედო ნარკოტიკი ჯიბეში, ასევე არ არსებიბს არცერთი ნეიტრალური მოწმე, რადგან მათ, სპეციალურად, ისეთ ადგილას გააჩერეს გიორგი, სადაც არ იყო არანაირი ვიდეოკამერა, - ამბობს ახობაძის ახლობელი.

ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.