თავდაცვის მინისტრი საქართველოში მრავალეროვანი წვრთნების გახსნას არ დაესწრო
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) მეთორმეტედ მასპინძლობს. სწავლება კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ოფიციალურად გაიხსნა. საერთაშორისო წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ტერი ტილისმა.
ღონისძიებას არ ესწრებოდა, “ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. წლების წინ ანალოგიური სწავლების დაწყებას მინისტრები ხსნიდნენ, მაგალითად 2021 წელს სწავლების გახსნას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა, “ქართული ოცნების“ თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
სწავლების გახსნის ღონისძიებას დღეს, 25 ივლისს, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები დაესწრნენ.
Agile Spirit 2025 რეგიონის ორ ქვეყანაში - საქართველოსა და თურქეთში ტარდება, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. სწავლების აღსრულება თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო.
Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ; სწავლებაში ასევე ჩართულია 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი; წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდებიან.