სწავლების გახსნაში მონაწილეობის არ მიღება ქართული მხარის მხრიდან ცალსახა დემარშია- გიორგი შაიშმელაშვილი

25.07.25 17:36
სწავლების გახსნაში მონაწილეობის არ მიღება ქართული მხარის მხრიდან ცალსახა დემარშია- გიორგი შაიშმელაშვილი

 

 

უსაფრთხოების საკითხის მკვლევარი და "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში მრავალეროვანი წვრთნების გახსნაზე თავდაცვის მინისტრის და სხვა მაღალი რანგის თანდემბობის პირების არ დასწრება, “ცალსახა დემარში ქართული მხარის მხრიდან“.

შაიშმელაშვილის თქმით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, სავარაუდოდ, განზრახული აქვს, რომ ნატოსა და აშშ-თან  ტექნიკური ხასიათის თანამშრომლობაც კი საბოლოოდ შეწყდეს“

ეს არის ცალსახა დემარში ქართული მხარის მხრიდან. სწავლების გახსნაში მონაწილეობა არ მიიღო არა მხოლოდ თავდაცვის მინსიტრმა და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, არამედ მათ შორის თავდაცვის ძალების მეთაურმაც კი, ეს არის უპატივცემულობა, პოლიტიკური დემარში იმ ფონზე, როცა ნატო და აშშ კვლავ ცდილობენ შეინარჩუნონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობა, ტექნიკური მაინც. როგორც ჩანს, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, განზრახული აქვს, რომ ტექნიკური ხასიათის თანამშრომლობაც კი საბოლოოდ შეწყდეს, - განაცხადა შაიშმელაშვილი.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) მეთორმეტედ მასპინძლობს. ღონისძიებას არ ესწრებოდა, “ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. წლების წინ ანალოგიური სწავლების დაწყებას მინისტრები ხსნიდნენ, მაგალითად 2021 წელს სწავლების გახსნას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა, “ქართული ოცნების“ თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. 

სწავლების გახსნის ღონისძიებას დღეს, 25 ივლისს, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები დაესწრნენ.  

Agile Spirit 2025 რეგიონის ორ ქვეყანაში - საქართველოსა და თურქეთში ტარდება, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს.