ფარცხალაძის გარემოცვის ინიციატივა - რას ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში

25.07.25 17:54
ფარცხალაძის გარემოცვის ინიციატივა - რას ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში

ოთარ ფარცახალაძის და მისი გარემოცვის ახალ ინიციატივას რუსეთთან ახალი "გეორგიევსკის ტრაქტატის" გაფორმების შესახებ "პირველებთან" საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში ვალერი ჩეჩელაშვილი ეხმაურება.

ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ "გეორგიევსკის ტრაქტატს" თავის დროზეც არ გადაურჩენია საქართველო აღა მაჰმად ხანისგან.

სხვათაშორის "გეორგიევსკის ტრაქტატი" არის კარგი დადასტურება რუსული იმპერიალისტური, ექსპანსიონალისტური პოლიტიკის, იმიტომ, რომ მაგ ტრაქტატმა ჩვენ ვერ გადაგვარჩინა 1795 წელს, როცა აღა მაჰმად ხანი შემოვარდა საქართველოში და რუსები იმის მაგივრად, რომ თავისი ვალდებულებები შეესრულებინათ და დაეცვათ საქართველო და თბილისი, აიბარგნენ აქედან თავისი გუდა-ნაბადით და გადავიდნენ რუსეთში, ამიტომ საუბარი შესაძლებელია, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, არანაირად არ არის შესაძლებელი. არ შეიძლება რუსეთს ჰქონდეს სამი საელჩო საქართველოში. როცა ექნება ერთი საელჩო და ის იქნება თბილისში და როცა იქნება გაწვეული აღიარება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, აი მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ ჩვენ ჩვენი ურთიერთობების აღდგენაზე, მაგრამ დღევანდელ პირობებში ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი", - აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გაიმართა შეხვედრა-თათბირი სახელწოდებით  „გეორგიევსკის ტრაქტატი - წინაპართა ისტორიული არჩევანი“, სადაც პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" მდივანი მამუკა ფიფია რუსეთ-საქათველოს შორის ურთიერთობების აღდგენის და ამასთან დაკავშირებით ახალი "გეორგიევსკის ტრაქტატის" დადების ინიციატივით გამოვიდა.