რამდენიმე ნიღბიანთან ვცადეთ გასაუბრება, მაგრამ ქართულად არ საუბრობდნენ - თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრები

25.07.25 22:54
რამდენიმე ნიღბიანთან ვცადეთ გასაუბრება, მაგრამ ქართულად არ საუბრობდნენ - თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრები

თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრების, ინგა პაპიძის განცხადებით, გამოსახლებულებმა ადგილზე მობილიზებულ შავნიღბიანებთან გასაუბრება სცადეს, თუმცა ისინი ქართულად არ საუბრობდა. 

საერთოდ არ გვიშვებდნენ მოწინააღმდეგე მხარის არც წარმომადგენელთან, არც დამხმარესთან, არც იმათ მოყვანილ ხალხთან. 

რამდენიმე ახალგაზრდა ჩვენთან სიახლოვეში მოხვდა, ჩვენ ვცადეთ იმათთან გასაუბრება, რაღაც გვინდოდა გვეკითხა, მაგრამ ისინი ქართულად არ ლაპარაკობდნენ, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ. არც ჩეჩნური ვიცი, არც ყაზახური, არ ვიცი რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. 

კი ბატონო [შავნიღბიანი ადამიანები ჩვენთვის გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ]," - განაცხადა ინგა პაპიძემ. 

ცნობისთვის, 39 ოჯახი ამ წუთასაც ქუჩაში დგას და ბინებით უზრუნველყოფასთან ერთად დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს. ღამით აფრიკის დასახლებაში 17 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა დიდი ნაწილი სამოქალაქო აქტივისტია. ხელბორკილები პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაადო ბინის გარეშე დარჩენილებსაც.

დღეს, კომპანიის წარმომადგენელმა, გიორგი ჩაფიძემ თქვა, რომ ყველა ადამიანთან სასაუბროდ მზად არის, თუმცა ვერ უპასუხა გამოსახლებულების კითხვას, სად უნდა იქირაონ ბინა შეთავაზებული 700 ლარით 3-4 სულიანმა ოჯახმა.