ლენტეხის მერიის კულტურის ცენტრის დირექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე ლენტეხის მერიის ა(ა)იპი ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი ნ.ს დააკავეს - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გამომძიებელმა თეონა დევდარიანმა განაცხადა.
გამომძებელის ცნობით, ბრალდებულმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების მიზნით, საკონცერტო პროგრამითა და დარბაზის ათი დღით ქირავნობით დაინტერესებულ ერთერთ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 ლარი.
დაკავებულს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ჯოკიე მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი ნ.ს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასრულებდა საჯარო ფუნქციებს, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო კულტურის ცენტრი და მასთან არსებული ერთ-ერთი ანსამბლი. ბრალდებულმა დიდი ოცნებით ქრთამის აღების მიზნით, საკონცერტო პროგრამითა და დარბაზის 10 დღით ქირავნობით დაინტერესებულ პირს, ქრთამის სახით, 20 000 ლარი მოსთხოვა. დაკავებულის მოთხოვნით, 5000 ლარი ოფიციალურად უნდა ჩარიცხულიყო ა(ა)იპ-ის ანგარიშზე, ხოლო 15 000 ლარი უნდა გადაეცათ მისთვის.
დანაშაულებრივი განზრახვის შენიღბვის მიზნით ნ.ს.-მ ორი ხელშეკრულება დაამზადა - ერთი ფართის ქირავნობის, მეორე ფიქციურად კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით.
ნ.ს. დაკავებული იქნა მოთხოვნილი თანხის - 7 000 ლარის აღების ფაქტზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-მდე წლამდე ვადით.
აქტიურად გრძელდება გამოძიება, დანაშაულებრივ ქმედებებში შესაძლო ჩართული მუნიციპალიტეტის სხვა მოხელეთა მხილების მიზნით.
საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება უმკაცრესი ზომები, განსაკუთრებით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მითვისებისა და კორუფციის ფაქტებზე“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, თეონა დევდარიანმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.