ორივე ბრალდებულმა დაკავებისას სცადა მიმალვა - შსს კვარაცხელიას საქმეზე

08.10.21 11:03
ორივე ბრალდებულმა დაკავებისას სცადა მიმალვა - შსს კვარაცხელიას საქმეზე

"ორივე ბრალდებულმა დაკავებისას სცადა მიმალვა", - ამის შესახებ შსს-ში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. უწყებაში არ ადასტურებენ, რომ ნიკა კვარაცხელის მკვლელობის საქმეზე  ბრალდებულების ადგილსამყოფელი პოლიციას მოქალაქეებმა აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები კვალის არევის მიზნით პერიოდულად იცვლიდნენ საცხოვრებელ სახლებს, ტანსაცმელებს და მანქანებს.

შსს-ს ინფორმაციით, აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ დანაშაულის დღეს ნაქირავები მანქანით გადაადგილდებოდნენ, მათივე ცნობით , ავტომანქანის მფლობელის დაკითხვით გავიდნენ ბრალდებულების კვალზე.

გარდა ამისა, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მკვლელობის ჩადენის შემდეგ, კავილაძე და ჭელიძე კავილაძის  მაღაზიაში  მივიდნენ და სისხლიანი ტანსაცმელი გამოიცვალეს. 

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ის საცხოვრებელი დაადგინა, რომელსაც ბრალდებულები თავს აფარებდნენ.

ორივე ძებნილი წყნეთში დააკავეს. ორივე ბრალდებულმა დაკავებისას სცადა მიმალვა, თუმცა აქტიური დევნის შედეგად მოხდა მათი დაკავება. ბრალდებულთა სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანები, ხოლო მათ ხელბარგში ნანახი იქნა მათი კუთვნილი პასპორტები, რამდენიმე ერთეული ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები", - განაცხადეს უწყებაში.

შსს ინფორმაციით, საქმეზე  ათეულობით მოწმე დაიკითხა და უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ  გაფართოვდეს ბრალდებულთა წრეც.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელის მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე გუშინ სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში  დააკავეს. 

კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიებამ  აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა მკვლელობის ადგილიდან ორივე მათგანმა მიმალვა მოახერხა.