დიპლომით ხელში თავისუფლებისთვის - „ილიაუნის" და „კავკასიის" გამოსაშვებ საღამოზე პოლიტიკურ პატიმრებს მხარდაჭერა გამოუცხადეს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამოები განსაკუთრებულ ემოციურ გარემოში ჩატარდა. სტუდენტებმა და ლექტორებმა სიტყვით გამოსვლისას პოლიტპატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს მადლობა გადაუხადეს. შეკრებილებმა მიმართვები ოვაციებითა და ტაშით შეეგებნენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ სიტყვაში აღნიშნა:
„მინდოდა მეთქვა, დღეს ვზეიმობთ-მეთქი, მაგრამ მიჭირს ამის თქმა, ვიდრე ერთი ადამიანიც კი – მათ შორის თქვენი თანატოლები, სტუდენტები – რჩებიან პატიმრობაში. მაგრამ მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ თქვენი სამართლიანი ბრძოლა, რათა ჩაიწეროთ თაობათა უწყვეტ ჯაჭვში, აუცილებლად დასრულდება დიდი გამარჯვებით.“
კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მედია სკოლის დეკანმა ნინო ჟიჟილაშვილმაც მიმართა:
„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ციხეში არიან... თავისუფლება მათ და თავისუფლება ჟურნალისტიკის სინდისს - მზია ამაღლობელს. თქვენ მიდიხართ პროფესიონალები, მაღალი დონის ცოდნით, სერიოზული უნარებით და, სხვათა შორის, ძალიან მაღალი კულტურით, ზრდილობით და IQ-ით. გილოცავთ!“
მანამდე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ბიზნესსკოლის დეკანმა ელენე ჯღარკავამაც იგივე მოწოდებით მიმართა:
„თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს,“ – რასაც სტუდენტების ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა.