თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე გააუპატიურეს - დაკავებულია 26 წლის კაცი
თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე გააუპატიურეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 26 წლის კაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის, 1997 წელს დაბადებული ა.ბ.-ს მიმართ ფიზიკურად იძალადა და ძალადობის გამოყენებით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებებით ა.ბ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ნათქვამია ინფორმაციაში.