მხოლოდ ფულის კეთებაზე ფიქრობთ, უნამუსო ნაგვები ხართ, - დაპირისპირება ბათუმში (ვიდეო)

08.10.21 13:53
მხოლოდ ფულის კეთებაზე ფიქრობთ, უნამუსო ნაგვები ხართ, - დაპირისპირება ბათუმში (ვიდეო)

დაპირისპირება ბათუმში. ადგილობრივი მოსახლეობა კორპუსის ჩამონგრევის გამო ექსპლუატაციისა და მშენებლობის წესების დარღვევაში ქალაქის ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბათუმის მერიამ კორპუსზე, რომელიც 50 წლის წინ აშენდა,  დაშენების ნებართვა ექსპლუატაციის წესების დარღვევით გასცა, რამაც დღეს კატასტროფა გამოიწვია. ადგილობრივები ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს კორუფციაში ადანაშაულებენ.

ის 5 წლის დაშენებულია? ნებართვა გქონდათ, 2 სართული რომ დააშენეთ? ამდენი გამწარებული ხალხი თქვენს ზურგზეა, იცით? ვიცი, რომ 2 წლის წინ არის დაშენებული, მეც კომპანიაში, მშენებლობაზე ვმუშაობ და ვიცი, როგორ კეთდება ნებართვები.

50 წლის წინ აშენებულ შენობაზე ვიცი, რამდენი სართული და როდის უნდა დაუშენდეს. ეს თქვენ ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ, მაგრამ თქვენ როგორ უნდა იშოვოთ ფული, იმას ფიქრობთ, უნამუსო ნაგვები ხართ - მიმართეს მერის მოვალეობის შემსრულებელს, ლელა სურმანიძეს. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსი ჩამოინგრა, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე მივიდა. მისი ინფორმაციით, კორპუსი ავარიული არ იყო და მასზე დაშენება 5 წლის წინ მოხდა.

ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, კორპუსი ავარიული არ იყო. ახალი რამე დაშენება და მიშენება ამ კორპუსზე არ განხორციელებულა. მეზობლები და თვითმხილველები ამბობენ, რომ იყო აფეთქების ხმა, თუმცა, სხვები ამ ვერსიას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ პირდაპირ ნგერევის ხმა მოისმა. ამ წუთებში კორპუსს შეწყვეტილია აქვს შუქის, გაზის, წყლის მიწოდება. დაშავებულებზე დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, მომიჯნავე კორპუსიდან ევაკუაცია განხორციელდა - განაცხადა ლელა სურმანიძემ.