მოსამართლეებმა დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის, აგრეთვე ანატოლი გიგაურის საქმეებზე განაჩენის გამოცხადება გადადეს

30.07.25 15:14
მოსამართლეებმა დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის, აგრეთვე ანატოლი გიგაურის საქმეებზე განაჩენის გამოცხადება გადადეს

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილისთვის განაჩენის გამოტანა გადადო.

მომდევნო სხდომა 8 აგვისტოს გაიმართება, სადაც სინდისის პატიმრები დასკვნით სიტყვას იტყვიან და სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდება განაჩენი.

დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა თქვა დაცვის მხარემ. 

განაჩენის გამოცხადება გადაიდო სინდისის პატიმრის, ანატოლი გიგაურის საქმეზეც. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება. 

შეგახსენებთ, რომ დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანატოლი გიგაური კი სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.