"ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ამბობს: გაშლილი ხელის სახეში გარტყმა არის სილა - ვერ შეცვლით ქმედების სიმძიმეს" - მზია მწარიაშვილი
"ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ამბობს: გაშლილი ხელის სახეში გარტყმა არის სილა, გალაწუნება - და რაც არ უნდა იძახოთ, ხელი გაარტყა, ვერ შეცვლით ქმედების სიმძიმეს," - ასე მიმართა პროკურორებს სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა მზია მწარიაშვილმა.
სასამართლო დარბაზიდან უფლებადამცველის სიტყვას გამოცემა "პუბლიკა" ავრცელებს.
ბრალდებას ჰგონია, პოლიციელს ჰგონია თავად ასე, ხელის დარტყმას თუ დაარქმევენ, რამე შეიცვლება სურათში, აღქმაში. ეს არის სილა - განმარტებით ლექსიკონში მოვიძიე, სხვათა შორის, ბატონო პროკურორებო.. ანუ, ჩვენ სწორ კვალიფიკაციას ვაძლევთ მოქმედებას, ვინაიდან, ბრალდება ამბობს, რომ გაშლილი ხელის სილა გაულაწუნა, ჩიქობავას ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ამბობს: გაშლილი ხელის სახეში გარტყმა არის ალიყური, სილა, გალაწუნება, ლაწანი, შემოლაწუნება, ტყლაშანი, მტყლაშანი.
აი, ბატონო პრკურორებო განმარტება სილის გაწვნასთან დაკავშირებით და არა ის, რომ - ეს პრინციპული საკითხი იყო - ხელი გაარტყა სახეში. სილა გაულაწუნა, ეს არის სილა და რაც არ უნდა იძახოთ, ხელი გაარტყა, ვერ შეცვლით ქმედების სიმძიმეს, ქმედების აღქმას ვერ შეცვლით საზოგადოების თვალში, სულ ტერორისტული აქტი რომ დაარქვათ ამ მოქმედებას," - განაცხადა მზია მწარიაშილმა.
ცნობისთვის, დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესი იმართება. დღევანდელ პროცესზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. მოსალოდნელია, რომ მზია ამაღლობელის განაჩენიც დღესვე გამოცხადდეს.