სასამართლო დაკავებული სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის ყოფილი უფროსის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ფინანსურმა პოლიციამ სასამართლოში გადაიყვანა - ამ წუთებში, მოსამართლე ნანა შამათავა თორნიკე კაპანაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
ცოტა ხანში გახდება ცნობილი, გაუშვებს თუ არა პატიმრობაში სასამართლო ყოფილ საჯარო მოხელეს და დაარღვევს თუ არა განსასჯელის სკამიდან დუმილს განვითარების სააგენტოს პროექტების მართვის ყოფილი უფროსი.
თორნიკე კაპანაძეს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების გამო 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ახლა მთავარი კითხვაა, გავა თუ არა გამოძიება კაპანაძის ჩვენებით მთავრობის წევრებზე, ვინც 2021-2024 წლებში უმაღლეს თანამდებობებს იკავებდნენ. კორუფციის ექსპერტები ფიქრობენ, რომ თორნიკე კაპანაძე დამოუკიდებლად ვერ იმოქმდებდა და ფულის სავარაუდო მითვისების შესახებ მის ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის იმჟამინდელ სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიასაც უნდა სცოდნოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, 2021-2024 წლებში პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ ლ.დ.-სა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ახდენდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების ურთიერთშორის განაწილებას.ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ დადგენილი ზიანი 800 000 ლარს აღემატება.
2025 წლის 18 ივლისს, „სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული გრანტების, ჯამში 826 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია 11პირი.