პატიმრობის 7 წლიდან, 5 საწოლს ვიყავი მიჯაჭვული, დღეს ეტლით გადავადგილდები - გიორგი მამალაძე
დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე იყო მსჯავრდებული 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "დღის ამბებთან" მამალაძე ციხეში გატარებულ დღეებს იხსენებს და ამბობს, რომ საპყრობილეში სრულიად ჯანმრთელი შევიდა, თუმცა 2024 წელს, საწოლს მიჯაჭვულმა დატოვა ციხეთა სისტემა.
მისი თქმით, თურქეთში ჩატარებული მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ, შესაძლებელი გახდა, რომ ის ეტლზე დამჯდარიყო. ახლა კი სწორედ მისი დახმარებით გადაადგილდება.
ყოფილმა პატიმარმა, ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ ვრცლად არ ისაუბრა და თქვა, რომ "საქართველოში და მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია, ის უმსგავსობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ და საპატრიარქოს ადმინისტრაციის ცალკეულმა წარმომადგენლებმა დაგეგმეს და განახორციელეს".
ე.წ. ციანიდის საქმის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილია, ამიტომ ამ საქმეს არ ჩაუღრმავდები. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ციხეში შეთითხნილი ბრალდებით, 7 წელი და 4 დღე გავატარე. აქიდან 5 წელი ძალიან მძიმე მდგომარეობაში, საწოლს ვიყავი მიჯაჭვული, ვერც კი ვდგებოდი. დაჯდომის საშუალებაც არ იყო, ეს ჩემი მოგონილი არ არის, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად ჩემი იქ მკურნალობა შეუძლებელი იყო.
ციხიდან, როგორც გამოვედი კი ნახეთ, შემდეგ ოჯახმა მოახერხა, თურქეთის რესპუბლიკაში გადავეყვანე, ჩამიტარდა მკურნალობა კვლევებთან ერთად. მადლობა თურქ ექიმებს, რომლებმაც მოახერხეს, ეტლით გადაადგილება შემძლებოდა, ეს აქ, პენიოტენციურ სამსახურში ვერ მოახერხეს"- თქვა მამალაძემ.
დეკანოზის თქმით, ამჯერად, მკურნალობას გარკვეული მიზეზებით ვერ ვაგრძელებს, თუმცა ერთი "რთული ოპერაცია" კიდევ აქვს დაგეგმილი.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.