წულუკიანის კომისიამ 430 - გვერდიანი დასკვნა მოამზადა - რას გეგმავს “ოცნება“

04.08.25 11:14
წულუკიანის კომისიამ 430 - გვერდიანი დასკვნა მოამზადა - რას გეგმავს “ოცნება“

დღეს პარლამენტში თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა ტარდება - კომისიამ  430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა.

“ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ დოკუმენტი, რომელიც პროკურატურას გადაეცემა, "ძალიან მძიმეა" და არ არის გამორიცხული, "დასაკავებელ პირთა წრეც" გაიზარდოს.

დოკუმენტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე მოხდება, ამის შემდეგ კი დაიწყება პროცედურები საკონსტიტუციო სასამართლოში.

ძალიან მძიმე ფაქტები გამოიკვეთა, როგორც ადამიანთა უფლებების დარღვევის, ამთ შორის ქონებრივი უფლებების, მათ შორის წამებამ, არაადამიანური მოპყრობა, ასევე არის მასალები ომთან დაკავშირებით. ეს მასალები შეიძლება იქნას გამოყენებული, ნებისმიერი 30 დეპუტატის მიერ, იმავე კონსტიტუციიდან გამომდინარე, რომელსაც აქვს უფლება მოსილება შეიტანოს სასამართლოში სარჩელი და რომელიმე პარტიის, თუ ამ მტკიცებულებას ჩათვლის საკმარისად, მოთხოვოს მისი არაკონსტიტუციურად ცნობა. გარწმუნებთ, რომ ამას გამოიყენებენ და ეს იქნება 30 დეპუტატზე მეტი. პროკურატურაში გაიგზავნება ყველა მასალა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მათ შორის დასკვნაც. პროკურატურა როგორ ჩათვლის საჭიროდ, ვის მიმართ განახორციელოს დევნა, ეს მათი საქმეა,-განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. 

კომისიაზე თეა წულუკიანმა დეტალურად ისაუბრა იმ თავებზე, რომელიც დოკუმენტშია თავმოყრილი და აღნიშნა, რომ როცა მას გაეცნობა საზოგადოება, ნახავენ, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, მხოლოდ ფაქტებით და არა შეფასებებით.

წულუკიანის ინფორმაციით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 46 სხდომა გამართა, გამოჰკითხა 139 პირი, გაიმართა ერთი გასვლითი შეხვედრა ხონის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.

კომისიის დასკვნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც ჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და მასთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით.

ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი რომ გაეცნობა, განურჩევლად ასაკისა - და დიდი იმედი მაქვს, რომ მას ახალგაზრდები გაეცნობიან - ნახავს, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, როგორი იყო ფაქტები. ერთ დოკუმენტში ქრონოლოგიურად არის ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები და ინფორმაცია, რაც არის საკუთრივ ამ დოკუმენტის ღირებულება.

ასევე იმედი მაქვს, რომ მოცემული დოკუმენტი შესაბამისს საგამოძიებო ორგანოებს გამოადგება სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, ასევე შესაბამისს სასამართლოებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც მოწოდებული არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი და ნამდვილი კვლევა აწარმოონ და საკუთარი სამშობლოს ინტერესებისათვის გამოიყენონ. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც სხვა შორის არსებობს და გაძლიერება სჭირდება, ეს მასალა გამოადგებათ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ყველა იმ პირს გადაუხადა მადლობა, ვინც კომისის მუშაობაში მონაწილეობდა. 

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ციხეში არიან ოპოზიციის ლიდერები: მამუკა ხაზარაძე,  ბადრი ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. 

წულუკიანის კომისიაზე ორჯერ გამოიკითხა გიორგი გახარია, რის საფუძველზეც დაწყებულია გამოძიება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე.

აღსანიშნავია, რომ წულუკიანის კომისიის წევრები 19 ივლისს ესტონეთმა დაანსაქცირა.