მოწმე გამომძიებელი: დაზარალებულები ვერ საუბრობენ, ვინ დააზიანა და ვერავის დაადებენ ხელს
სინდისი 8 პატიმრის საქმე- დღევანდელ სასაამრთლო პროცესზე, იურისტებმა მოსამართლეს ის ვიდეოკადრები აჩვენეს, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებოდნენ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, მათ შორის შემაძრწუნებელი კადრები, სადაც ასახულია, როგორ ურტყამს სახეში წიხლს ზვიად მაისაშვილს სპეცრაზმელი.
ამის შემდეგ იურისტებმა მოწმე პოლიციელს კითხვები დაუსვეს. ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა ამოცნობა რომელიმე ბრალდებულის, რაზედაც მოწმე პოლიციელმა უპასუხა, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლები, რომლებიც აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არიან ცნობილი, ვერ ასახელებენ რომელიმე ბრალდებულს, ვინც მას დაზიანება მიაყენა.
მოწმე პოლიციელი ამტკიცებს, რომ იმ ღამეს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის იყო დიდი დისტანცია, ასევე სიბნელე და შესაბამისად, ვერც ერთი მათგანი ვერ აკონკრეტებს, რომელიმე ბრალდებულმა მიაყენა მას დაზიანება თუ არა.
ადვოკატი: თქვენ შეგიძლიათ თქვენი მტკიცებულებებით თქვათ, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ვინმე დააზიანა?
მოწმე გამომძიებელი: დაზარალებულები ვერ საუბრობენ, ვინ დააზიანა და არათუ ნიკოლოზ ჯავახიშვილს, სხვებსაც ვერ დაადებენ ხელს, რადგან არის სიბნელე, არის ცუდი განათება.
ამ წუთებში სინდისის 8 პატიმრის საქმეზე შესვენება გამოცხადდა-ცოტა ხანში პროცესი კვლავ არსენ ხუნაშვილის გამოკითხვით გაგრძელდება.
მომზადებულია “რადიო თავისუფლების“ მასალების მიხედვით.