გაუტეხლობის რვა თვე გისოსებში - მზია ამაღლობელმა სისტემა ამხილა
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი შეძახილები დღეს ბათუმის ქუჩებში ისმოდა. მას შემდეგ, რაც მოსამართლე სახელაშვილმა განაჩენის გამოცხადება კიდევ ორი დღით გადადო, სასამართლოსთან შეკრებილებმა საპროტესტო მარში მოაწყეს.
ნერვების ომი სისტემასა და მზია ამაღლობელს შორის, სინდისის პატიმრის სასარგებლოდ მიმდინარეობს. დღეს მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. სინდისის პატიმარმა ჟურნალისტმა ის საზარელი მომენტი გაიხსენა, როგორ შეაფურთხა სახეში ირაკლი დგებუაძემ, პოლიციელმა, რომელიც თავს მსხვერპლად ასაღებს. ამაღლობელი პატიმრობას ცოცხლად დამარხვის ტოლფასს უწოდებს, თუმცა ამის მიუხედავად საპროცესო გარიგებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.
ახლა ყველაფერი მოსამართლეზეა დამოკიდებული, მას შეუძლია მუხლი გადააკვალიფიციროს, მაგალითად 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რაც სასჯელის ზომადა ჯარიმასაც ითვალისწინებს. ჩიხიდან გამოსავალი მოსამართლეს აქვს ახლა მთავარია ნება.
დასკვნით სიტყვაში მზია ამაღლობელმა, იმ პოლიტიკური ბრალდებების კორიანტელზე ისაუბრა, რომელიც ირაკლი კობახიძემ დაატრიალა. ჟურნალისტს რომელმაც ქვეყანაში ერთ-ერთი სანდო მედია შექმნა, ბრალს სდებენ რომ გამოგონილი გლობალურ ომის პარტიის დაკვეთით გააწნა სილა სახეში პოლიციის შეფს.