ქაოტური მშენებლობები და კორუფციული გარიგებები - ბათუმი ნაღმზე დგას

08.10.21 20:43
ქაოტური მშენებლობები და კორუფციული გარიგებები - ბათუმი ნაღმზე დგას

ბათუმი ნაღმზე დგას.  ზღვისპირა კურორტი ქაოტური მშენებლობების და კორუფციული გარიგებების ეპიცენტრია. აქ მშენებლობის მოსაპოვებლად მთავრობაში გავლენიანი ადამიანის ყოლაა საკმარისი. ბათუმს ამ დრომდე არ აქვს განაშენიანების გეგმაც, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება, სად, რა სიმაღლის და რა მასშტაბის  შენობის  აშენება არის ნებადართული.

ოპოზიცია დღეს მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშრებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ბათუმში არსებულ ვითარებას ურბანულ ჯოჯოხეთს უწოდებს.

რაც ხდება ბათუმში ბოლო წლების განმავლობაში ეს არის ურბანული ჯოჯოხეთი, რომელიც მოუწყო ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს. მე ეჭვი მეპარება, რომ ვინმემ გააკეთოს სწორი დასკვნა, როცა სახეზეა ასეთი მშშტაბის კორუფციული გარიგებები, როცმა ამ მშენებლობების უკან დგას კონკრეტული დიდმოხელეების და პოლიტიკოსების ინტერესი, ფულადი, ბიზნესინეტერსი, რა თქმა უნდა, ჩვენი ხმა, აქტივისტების, გულშემატკივრების ხმა ამ ყრუ და ბრმა ხელისუფლებას არ ესმის, - ამბობს "ლელოს" წევრი, არმაზ ახვლედიანი. 

ხელისუფლება კი პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს. მმართველ გუნდში ბრალდებებს სპეკულაციებად აფასებენ და არ სურთ ისაუბრონ პრობლემაზე, რომელიც შესაძლოა, უბედური შემთხვევის მიზეზი გამხდარიყო.