“დარიალის“ გამშვებ პუნქტში მყოფმა რუსეთიდან დეპორტირებულმა უკრაინელებმა შიმშილობა გამოაცხადეს

05.08.25 16:08
“დარიალის“ გამშვებ პუნქტში მყოფმა რუსეთიდან დეპორტირებულმა უკრაინელებმა შიმშილობა გამოაცხადეს

უკრაინის ხუთმა მოქალაქემ, რომლებიც რამდენიმე კვირაა, საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის, „დარიალის“ სარდაფში იმყოფებიან, უვადო შიმშილობა გამოაცხადეს.

ამის შესახებ „эхо Кавказа“-ს ერთ-ერთმა მოშიმშილემ, სერგეი ლარკომ აცნობა, რომელიც თითქმის ერთი თვეა სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, იძულებით ცხოვრობს.

მისი თქმით, მოშიმშილეები გეგმავენ, რომ ქართველ მესაზღვრეებს შიმშილობის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება გადასცენ.

ლარკო ამბობს, რომ ის რუსეთიდან იქნა დეპორტირებული 2025 წლის 21 ივნისს, ხოლო საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უკანონოდ ჩამოართვეს პასპორტი და აიღეს მისი ბიომეტრიული მონაცემები.

„დარიალის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სარდაფში წამიყვანეს, სადაც არაადამიანურ პირობებში ვიმყოფები 97 ადამიანთან ერთად, მათ შორის არიან ინფიცირებულები შიდსითა და ტუბერკულოზით. საქართველოს დატოვებაზე უარი მივიღე, არ მაძლევენ თავშესაფრის მოთხოვნის, იურიდიული დახმარების მიღებისა და დაკავების გასაჩივრების საშუალებას“, - ამბობს სერგეი ლარკო.

მოშიმშილეები მოითხოვენ, რომ მათთან მივიდეს უკრაინის კონსული, განემარტოთ დაკავების მიზეზები, მიეცეთ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ან საერთაშორისო დაცვის მიღებაზე განცხადების გაკეთების შესაძლებლობა, ჩაუტარდეთ სამედიცინო შემოწმება და შეწყდეს მათი, როგორც თავად აცხადებენ, უკანონო პატიმრობა.

მათივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ მოქალაქეების უმეტესობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის არიან გასამართლებული, არ აქვთ საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტები და მათი ქვეყანაში შეშვება „საფრთხეს უქმნის“.

მსგავსი სიახლეები