დღევანდელი სასამართლოს პირობებში, ხვალინდელი განაჩენის მეშინია - მზია ამაღლობელის ძმისშვილი
ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება- სინდისის პატიმარი ჟურნალისტის ძმის შვილი ამბობს, რომ დღევანდელი სასამართლოს პირობებში ხვალინდელი განაჩენის ეშინია, თუმცა, მაინც იმედოვნებს, რომ მოსამართლე სახელაშვილს მცირედი ობიექტურობა მაინც ექნება.
მანანა ამაღლობელის თქმით, ყველანაირი განჩენის პირობებში მზია გამარჯვებულია და ახლა მთავარია, ძლიერად იყოს.
რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოს ხვალ სასამართლომ, იმედს ვიტოვებ, რომ მცირედი ობიექტურობა მაინც იქნება ქალბატონ ნინოს პროფესიულ სინდისში, მაგრამ მეშინია დღევანდელი სასამართლოს პირობებში, ხვალინდელი განაჩენის. ყველანაირი განაჩენის პირობებში, მამი, შენ ხარ გამარჯვებული და ეს შენი სიტყვებია, ძლიერად იყავი და ჩვენც ძლიერად ვიქნებით,- თქვა მან.
მანანა ამაღლობელმა ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც საკუთარ მამიდას მიმართა და უთხრა, რომ მას ბოდიში არავისთვის აქვს მოსახდელი, პირიქით, ის მათთვის სამაგალითოა და წლებიც რომ გავიდეს, მის ამაგს ვერასდროს გადაიხდიან.
არაფერი ბოდიში არ გაქვს, მამი, ჩვენზე მოსახდელი, მთელი ცხოვრება, ძალიან ბევრი წლები რომ გავიდეს, ალბათ შენს ამაგს ვერ მოვიხდით, ძალიან გვიყვარხარ, ჩვენთვის სამაგალითო ხარ და არა მარტო ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის და ვისურვებდი, ისეთი ძლიერები ვიყოთ, როგორიც შენ ხარ,- მიმართა მან საკუთარ მამიდას.
გამოძიება ქალ ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. შეგახსენებთ, რო მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.